მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ქალმა, მაქკენზი სკოტმა, ქველმოქმედებისთვის Amazon-ში მისი აქციებიდან დამატებით 11% გაიღო. 30 სექტემბერს წარდგენილი განაცხადის თანახმად, სკოტის მიერ გაღებული აქციები $8 მილიარდის ღირებულებისაა.
სკოტმა, რომელიც ხშირი და მასშტაბური დონაციებითაა ცნობილი, ბეზოსთან განქორწინების შემდეგ, Amazon-ის 255 მილიონამდე აქცია გაყიდა ან გასცა – საერთო ჯამში $37 მილიარდის ღირებულების. სკოტი და ბეზოსი ერთმანეთს ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ. განქორწინების შემდეგ, სკოტმა კომპანიის დაახლოებით 400 მილიონი აქცია მიიღო.
ამ დრომდე, მაქკენზი სკოტს არაკომერციული ორგანიზაციებისთვის $17.3 მილიარდზე მეტი აქვს გადაცემული, რაც მას Forbes-ის შეფასებით, ხუთ უმსხვილეს ამერიკელ ქველმოქმედს შორის აქცევს. საქველმოქმედო საქმიანობისას სკოტი ძირითად აქცენტს მცირე და ადგილობრივ ჯგუფებზე აკეთებს.
აღსანიშნავია, რომ თავად მილიარდერი, მისი ქველმოქმედების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და ამ გადაწყვეტილებას მიმღებ ორგანიზაციებს უტოვებს. მისი ბოლო შემოწირულებები მოიცავდა $10 მილიონს ჯორჯიაში დაფუძნებული Access to Capital for Entrepreneurs-ისთვის, რომელიც მცირე ბიზნესებს ეხმარება და $15 მილიონს Coastal Enterprises-ისთვის – ორგანიზაცია სასოფლო დასახლებების ეკონომიურ განვითარებას უწყობს ხელს.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, სკოტი ამჟამად $38 მილიარდს ფლობს, $20 მილიარდით ნაკლებს ვიდრე 2019 წელს, მისი სიმდიდრის პიკში. აქციების შენარჩუნების შემთხვევაში, სკოტის სიმდიდრე ამჟამად $82 მილიარდამდე იქნებოდა.