საერთაშორისო გამოხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე | განახლებადი

საერთაშორისო გამოხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე | განახლებადი

28 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. კობახიძემ გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები სახელმწიფოსთვის გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე უარს ამბობს.

პრემიერის განცხადებამდე, „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად – 84 დეპუტატი 0-ის წინააღმდეგ – მთავრობის ახალი შემადგენლობა დანიშნა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში 5%-იანი ზღვარი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. საქართველოში გამართულ არჩევნებს არ აღიარებს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ნაწილიც. 30 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტმა და „ქართულ ოცნებას“ განმეორებითი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

საქართველოში საპროტესტო აქციების თავდაპირველი ტალღა სწორედ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მოჰყვა. დემონსტრაციები კი, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გამძაფრდა და დედაქალაქის გარდა, რეგიონებშიც გავრცელდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლას, მყისიერი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.


გთავაზობთ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ, აქციების დაწყებიდან დღემდე გაკეთებულ მნიშვნელოვან განცხადებებს:

მიხაელ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
ფოტო: Martin Schutt / DPA

„ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა: იზოლაცია, ევროპის ნაცვლად. ზეწოლა, თავისუფლების ნაცვლად. ავტორიტარიზმი, დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს, ევროპის შუაგულში.“

საქართველოში რეჟიმი ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, მაგრამ თავისუფლება გაიმარჯვებს. ევროპამ საბოლოოდ უნდა გამოიღვიძოს. გვერდით უნდა დავუდგეთ ერთგულ ევროპელებს! საქართველოში ჩვენს საერთო ღირებულებებს საფრთხე ემუქრება.

„ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მართა კოს, ანტონიო კოშტა, რას იტყვით, რომ ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთი თქვენგანი ჩაჯდეს თვითმფრინავში და თბილისში ჩავიდეს? ხალხი იქ დემონსტრაციებს არა უფრო მეტი დასვენების დღისთვის ან მაღალი პენსიებისთვის, არამედ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის აწყობს. უკვე დაგავიწყდათ?“

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
ფოტო: ELTA / Andrius Ufartas

„ქართველო ხალხო, თქვენ ქართველები ხართ და შესაბამისად, ხართ ევროპელები. ამას ვერავინ წაგართმევთ. ეს მოგზაურობა გრძელი და რთულია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არასდროს დანებდებით, და არ დავნებდებით ჩვენც.“

„2010 წელს, როდესაც ბელორუსის ხელისუფლებამ მინსკში მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბია, ყველა იმ აღჭურვილობასა და იარაღზე, რომელსაც მთავრობა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა, ევროპამ ემბარგო დააწესა. ვფიქრობ, იმავეს გაკეთებაზე საქართველოშიც უნდა ვიფიქროთ, და რაც შეიძლება სწრაფად“.

ედგარს რინკევიჩი, ლატვიის პრეზიდენტი
ფოტო: Wikipedia

„საქართველოს ევროპული ოცნება და ევროპული მომავალი აქვს. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა დემოკრატიული საქართველოს ევროპულ გზას და მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და სალომე ზურაბიშვილს. მშვიდობიანი გამოსვლებისა და დემონსტრაციების უფლება სრულად უნდა იყოს დაცული.“

მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ფოტო: Attila Husejnow/SOPA Images/LightRocket

„ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა ერთობლივად შევთანხმდით, სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს ახშობს. დემოკრატიის მტრები და ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყნებში არ მიიღებიან.“

ლარს ლოკე რასმუსენი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ფოტო: Ida Marie Odgaard/Ritzau Scanpix

„დანია აღშფოთებულია ცნობებით, რომლებიც პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებულ გამოყენებას შეეხება. დანია, მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით. მათი  დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს.“

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფოტო: www.gov.pl

„საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გაწევრიანების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. ერთგული რჩება საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის საქმეში და ხელისუფლებას მოუწოდებს არ მიმართოს ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ.“

აშშის ჰელსინკის კომისია
ფოტო: Andrea Izzotti / shutterstock.com

„ქართველი ხალხი ქუჩაშია გამოსული, რათა თავიანთი სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის პროტესტი გამოხატონ. საპასუხოდ კი ძალადობა და რეპრესიები დახვდათ. ისინი, რუსეთის კოლონიად გადაქცევაზე უარს ამბობენ.“

სვენია შულცე, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი
ფოტო: www.svenja-schulze.de

„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერაციული სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ გზას. არსებული ხელისუფლების პირობებში, საქართველოსთან განვითარების დარგში თანამშრომლობის განხორციელება შესაძლებელი აღარაა. მომავალში, ვალდებულება შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის კავშირების გაძლიერებას ევროპასთან.“

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი
ფოტო: ALESSANDRO DELLA VALLE/Pool via REUTERS

„ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირსა და მის ღირებულებებს ჩამოშორდა. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია.“

მეთიუ მილერი, აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

„აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შევუწყოთ ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც ცდილობს საქართველოს დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს.“

„აშშ და ევროკავშირი სინანულს  გამოხატავენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, შეწყვიტოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც კონსტიტუციის ღალატს სამართლიანად აპროტესტებს. ევროკავშირი არის დამცავი ზღუდე კრემლის წინააღმდეგ. ჩვენ ვწყვეტთ სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან“.

ჯო უილსონი, აშშის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
ფოტო: Sean Rayford / Getty Images

„აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, “ქართული ოცნება” გააგრძელებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიას იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს“.

სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პირადი სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევის ორგანიზებაზე. მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ.

„საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება ქართველი ხალხის სასტიკ დარბევას აგრძელებს. მოვუწოდებ [სახელმწიფო დეპარტამენტს] სასწრაფოდ დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ გარემოცვას. ჩვენ არ შეგვიძლია განზე გავდგეთ და დავუშვათ, რომ საქართველო, ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, დიქტატურაში ჩავარდეს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ფოტო: Anadolu Agency via Getty Images

„ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის საშუალებითაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების შესახებ ძალაში შედის. ეს სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილზეა მიმართული, რომელიც ქვეყანას პუტინს უთმობს. სწორედ ეს არის ის საკითხი, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციების მიზეზად იქცა. გადამწყვეტია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც გამოხატონ თავიანთი პოზიცია ახლა, და ღიად ისაუბრონ იმის შესახებ, რაც ხდება. მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები.

საერთაშორისო საკითხები ასე მუშაობს: დროული და პრინციპული პასუხის გაცემას თუ ვერ ახერხებ, ათწლეულები იკარგება და ქვეყნებს თავისუფლებას ართმევენ. არ რეგიონში არავინ არ უნდა დავკარგოთ – არც საქართველო, არც მოლდოვა და არც უკრაინა. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ მოსკოვისგან თავდასაცავად“.

უკრაინამ ივანიშვილსა და მის თანამზრახველებს – 19 პირს სანქციები დაუწესა. ეს ის ხალხია, რომლებიც საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს ყიდიან. მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მსოფლიოში ყველას – იმოქმედონ პრინციპულად.

ენტონი ბლინკენი, აშშის სახელმწიფო მდივანი
ფოტო: CNN

„აშშ იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენი ერთგულება მამაცი ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევია. აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.

შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში – მათ შორის, ვინც ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე – პასუხისგებაში მიეცემიან. ორმხრივი ურთიერთობების უკვე დაანონსებული ფართო გადახედვის გარდა, შეერთებული შტატები ემზადება გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები.“

ანიტა ჰიპერი, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი სპიკერი
ფოტო: aquieuropa.com

„საქართველო: საგანგაშო ცნობებია მომიტინგეების დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.

მოუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს გადაჭარბებული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი გამოძიებული უნდა იყოს.“

“თითქმის ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, პოლიციის მხრიდან სასტიკი, უკანონო ძალის გამოყენების პირისპირ, გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებისას. გრძელდება საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების თვითნებური დაკავებები, ამავდროულად მედიის წარმომადგენლები სამართალდამცავი ორგანოების და არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების კონკრეტულ სამიზნეს წარმოადგენენ.

დააკავეს 400-ზე მეტი ადამიანი და გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი ძალადობის და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, მათგან ბევრს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აღმაშფოთებელი შეტყობინებები მიუთითებს სასტიკ და განზრახ ჩადენილ ძალადობაზე, რაც იწვევს საფუძვლიან შეშფოთებას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ შეტყობინებებისა, ჯერჯერობით არცერთ პოლიციელს ან არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფის წევრს პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია.

ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირი ფართოდ გავრცელებული დაშინების, პოლიტიკური დევნის, წამების, რომლის შესახებაც ცნობები არსებობს და მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტას მოითხოვს. ძირითადი უფლებები, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული და გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

ყველა განცხადება წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დოკუმენტირება.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდ ფასად უჯდება. ძალადობა არ არის პასუხი საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია. დემოკრატიის განუწყვეტელმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს 16 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე.

ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს სოლიდარობას უცხადებს”.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ფოტო: Council of Europe / Parliamentary Assembly

„საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით, სადაც მთავრობამ, წინასაარჩევნო დაპირების საპირისპიროდ, შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი. გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც აუცილებელია კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის“.

ასამბლეა მკაცრად გმობს, თბილისში, ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ რეპრესიებს, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

ანტონიო კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
ფოტო: belganewsagency.eu

„ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. მთავრობის ქმედებები ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას.“ 

კასპარ ფელდკამპი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
ფოტო: bnnvara.nl

„ძალადობა დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და დაპატიმრებული პოლიტიკოსების მიმართ მიუღებელია. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კარგია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა პერსონალური სანქციები უკვე დააწესეს.“

უკრაინის პენცენტრი
Guram Muradov / Civil.ge

„ჩვენ, უკრაინელი მწერლები, მთარგმნელები, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, მეცნიერები, გამომცემლები, მსახიობები სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ კოლეგებსა და სრულად ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.

აღფრთოვანებულნი ვართ, ქართველი ხალხის სიმამაცით, რომლებიც აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას შეაჩეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და პრორუსული დიქტატურის წინააღმდეგ გამოდიან. ამავდროულად, ჩვენ ტკივილითა და შეშფოთებით ვეცნობით სიახლეებს ჩვენი კოლეგების შესახებ, რომლებიც შევიწროებულნი ან დაპატიმრებულნი არიან.

ისტორიული მოვლენების შედარება შეუძლებელია, თითოეული მათგანი უნიკალურია. თუმცა, ჩვენთვის, ამ დღეებში, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ჩვენ გავიარეთ უკრაინული რევოლუციები და ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის რუსეთის გენოციდური ომის წინააღმდეგ ჩვენ გვესმის თქვენი, მხარს ვუჭერთ თქვენს ბრძოლას და გვჯერა, რომ საქართველო გათავისუფლდება რუსული ურჩხულისგან, რომელსაც მოაქვს სიკვდილი და ტირანია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ ჩვენი ქართველი ძმები და დები უკრაინელი სამხედროების გვერდით იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის და ვიცით, რომ დღეს ჩვენი ხალხი ერთობლივად იცავს ევროპულ ღირებულებებს და იბრძვის თავიანთი უფლებებისთვის, მათი ქვეყნების ევროპულ და დემოკრატიულ გზაზე.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ადრე პრორუსული კანონპროექტებითა და რიტორიკით იყო ცნობილი, საპარლამენტო არჩევნებში „გაიმარჯვა“. საარჩევნო პროცესზე დაკვირვების დროს ეუთო/ოდირის საერთაშორისო მისიამ არაერთი დარღვევა დააფიქსირა. საქართველოს არჩევნების შედეგები არ აღიარა ევროპარლამენტმაც და ხელახალი კენჭისყრა მოითხოვა.

არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რაც დედაქალაქსა და ქვეყნის უდიდეს ქალაქებში დემონსტრაციებში გადაიზარდა.

უშიშროების სამსახურმა ძალადობით უპასუხა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას, გამოყენებულ იქნა ფიზიკური ძალადობა, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და გაზის კაფსულები.

ბოლო ცნობებით, დაკავებულია 320 მოქალაქე, ასევე სასტიკადაა ნაცემი. მათ შორის არიან პოეტები ზვიად რატიანი და თორნიკე ჭელიძე, და მთარგმნელი დათო ხარაიშვილი.

2 დეკემბერს ზვიად რატიანს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ერთი დღით ადრე ექიმებმა პოეტის მეხუთე მალის, ცხვირის ძვლისა და ძგიდის მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვეს, ასევე აღენიშნება სხვადასხვა სიმძიმის სისხლჩაქცევებს თავსა და სხეულზე. სასტიკი ცემის შემდეგ 7-დღიანი პატიმრობა მიესაჯა თორნიკე ჭელიძესაც. დათო ხარაიშვილი ტვინის შერყევით, მრავლობითი სისხლჩაქცევებით, თვალისა და ცხვირის ძვლების მოტეხილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული.

უშიშროების ძალები ასევე ხელს უშლიან ქართული მედიის მუშაობას, სცემენ და აპატიმრებენ ჟურნალისტებს. Mapping Media Freedom-ის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, საპროტესტო აქციების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის 59 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის გაბედულ ბრძოლაში და მოვუწოდებთ სხვა ქვეყნების მთავრობებს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს და სხვა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, დაგმოს რუსული აგრესია საქართველოში და მოითხოვონ: საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, დაკავებულების გათავისუფლება, ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და გვჯერა ჩვენი საერთო გამარჯვების. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“

დევიდ ლამმი, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრი
ფოტო: AP Photo/ Stephanie Scarbrough

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს.

ეს ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული მომავლის მიმართ.

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ურთიერთობას ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან, სანამ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა.

გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას და მხარს უჭერს მათ უფლებას, აირჩიონ თავიანთი ქვეყნის მომავალი“.

ევროკომისია
ფოტო: Wikipedia

„საქართველოსთან მიმართებით, ქვეყანაში არსებული ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება განიხილება. კომისია მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებებისა და ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის შესრულების გაგრძელების მიზნით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, განსაკუთრებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სფეროში.“

პეტრ პაველი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
© MICHAL CIZEK

„ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. თბილისსა და სხვა ქალაქებში მომიტინგეების, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა მიუღებელია. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს არ ამბობს თავისი ქვეყნის ევროპულ ოცნებაზე, მათ ამაში ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ“.

 

ინფორმაცია ახლდება..