რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების ანულირების გადაწყვეტილება მიიღო. არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

რუმინეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, საზოგადოებისთვის თითქმის უცნობმა ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. ჯორჯესკუ NATO-ს მიმართ კრიტიკული, პარალელურად კი, პრორუსული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. არჩევნების პირველ ტურში მან ხმების 23% მიიღო. მეორე ადგილზე 19%-ით, ოპოზიციის კანდიდატი ელენა ლასკონი გავიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რუმინეთში, არჩევნების გაუქმების მოთხოვნით, რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა წინ. დადგენილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც არჩევნებში საზღვარგარეთიდან გავლენის შესახებ დაზვერვის დოკუმენტები გასაჯაროვდა.

დოკუმენტების თანახმად, ულტრამემარჯვენე კანდიდატი TikTok-ის საშუალებით აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, რომელიც კრემლის მიერ უკრაინასა და რუსეთში მართული ოპერაციების მსგავსი იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო და ის საბოლოოა.

ეს ნიშნავს, რომ პროცესი თავიდან დაიწყება და რუმინეთის მთავრობას კენჭისყრისთვის ახალი თარიღის შერჩევა მოუწევს. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩიოლაკუმ სასამართლოს დადგენილებას არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ “ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება”უწოდა.