ივანიშვილს, ღარიბაშვილს და რამდენიმე სხვა დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდებათ

ივანიშვილს, ღარიბაშვილს და რამდენიმე სხვა დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდებათ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, პირადი განცხადების საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის და მიხეილ ყაველაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ პირებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ. დამატებით, უფლებამოსილება ვადაზე ადრე „ქართული ოცნების“ რვა დეპუტატს შეუწყდება.

საკანონმდებლოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ირაკლი კობახიძემ, მაკა ბოჭორიშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით სონღულაშვილმა და მარიამ ქვრივიშვილმა გადაინაცვლეს. რაც შეეხება ყაველაშვილს, ის „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატია.  უცნობია, რა გეგმები აქვს ირაკლი ღარიბაშვილს.

დეპუტატებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, დღეს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

გარდა ამისა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა პროექტიც, რომლის თანახმადაც პოლიტიკური ჯგუფის შექმნა მე-11 მოწვევის პარლამენტშიც იქნება შესაძლებელი. პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენილი ცვლილებების თანახმად, ერთი პოლიტიკური პარტიის სულ მცირე შვიდ წევრს, ამ პარტიის დატოვების შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბება შეეძლება.