ლონდონის მოდის კვირეულზე ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას ბრენდის – KEBURIA-ს დებიუტი შედგება. ღონისძიებაში მონაწილეთა სია მოდის კვირეულის ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა.
ლონდონის მოდის კვირეული 20-დან 24 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. KEBURIA-ს ჩვენება კვირეულის დასკვნით დღეს არის ჩანიშნული. გიორგი ქებურიას ბრენდი ქალისა და მამაკაცის სამოსს წარადგენს.
გიორგი ქებურია თვითნასწავლი დიზაინერია, რომელმაც პირველი კოლექცია 2010 წელს, თბილისის მოდის კვირეულზე წარადგინა, სადაც “საუკეთესო დამწყები დიზაინერის” ჯილდო მიიღო. 2013 წელს იგი Materiel-ის მოდის სახლში მუშაობდა, 2015 წლიდან კი საკუთარი ბრენდი KEBURIA შექმნა. ამ უკანასკნელის დებიუტი მილანის მოდის კვირეულზე 2017 წელს, პარიზის მოდის კვირეულზე კი 2018 წელს შედგა.
სხვადასხვა დროს გიორგი ქებურიას სამოსი მორგებული აქვთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან ლედი გაგა, რიანა, დები კარდაშიანები, კაია გერბერი, ლინდსი ლოჰანი და სხვანი.
შეგახსენებთ, გიორგი ქებურია Forbes Georgia-ს პროექტ 30under30-ის 2018 წლის გამარჯვებულია, კატეგორიაში – კულტურა და სტილი.