MrBeast-ი TikTok-ის შესაძენად ინვესტორთა ჯგუფს შეუერთდა | ტრამპი მხარს მასკს უჭერს

MrBeast-ი TikTok-ის შესაძენად ინვესტორთა ჯგუფს შეუერთდა | ტრამპი მხარს მასკს უჭერს

მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი კონტენტკრეატორი ჯიმი დონალდსონი, ცნობილი, როგორც MrBeast-ი, პოპულარული სოციალური პლატფორმა TikTok-ის შესაძენად ინვესტორთა ახალ ჯგუფს შეუერთდა. აპლიკაციის ამერიკული ოპერაციების შესაძენად ინვესტორებთან თანამშრომლობის სურვილი MrBeast-მა 19 იანვრის აკრძალვამდე საჯაროდაც გამოთქვა.

ამერიკელი ინვესტორებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს ტექნოლოგიური სფეროს ანტრეპრენიორი ჯეს ტინსლი ხელმძღვანელობს. ტინსლიმ, რომელიც Employer.com-ის დამფუძნებელია, TikTok-ის შესყიდვის გარიგების სრულად ნაღდი ფულით დაფარვის წინადადება, სხვა „ინსტიტუციურ ინვესტორებთან და მაღალი წმინდა ღირებულების მქონე პირებთან“ ერთად წარადგინა. ინვესტორთა სია და გარიგების სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

„რადგანაც პრეზიდენტი ტრამპი აღადგენს ამერიკის დომინირებს, ჩვენი ჯგუფი მზადაა, ითანამშრომლოს აშშ-ის მთავრობასთან TikTok-ის შესაძენად და უზრუნველყოს ასობით მილიონი ამერიკელისთვის პლატფორმით უსაფრთხოდ სარგებლობის შესაძლებლობა“, – ნათქვამია ტინსლის განცხადებაში. ტინსლიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ის ტრამპს და მის გუნდს შეთავაზების განსახილველად შეხვდება და რომ ის პასუხს ByteDance-ის საბჭოსგანაც ელოდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 იანვარს, TikTok-ის პოტენციური აკრძალვის ამოქმედებამდე, ამერიკული აპლიკაციის შეძენის სურვილი რამდენიმე მილიარდერმა, ასევე რამდენიმე კომპანიამ და ინვესტორებმა გამოხატეს. თუმცა თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს დონალდ ტრამპმა TikTok-ის აკრძალვის დროებით გაუქმების ბრძანებას ხელი მოაწერა, რითაც ჩინურ კომპანიას ბიზნესის გასხვისების ვადა გაუხანგრძლივდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა TikTok-ის ერთ-ერთ მყიდველად ილონ მასკს განიხილავდა. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა. თეთრი სახლის ახალმა ლიდერმა ილონ მასკსა და Oracle-ის თავმჯდომარე ლარი ელისონს პლატფორმის შეძენისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა. თუმცა ტრამპის გეგმით, გარიგების ფარგლებში, აპლიკაციის ნახევარი აშშ-ის მთავრობის საკუთრებაში გადავა.

„მე მაქვს გარიგების დადების უფლებამოსილება. ასე რომ, ვფიქრობ, შემიძლია ვინმეს ვუთხრა შეიძინოს ის [TikTok] და ნახევარი ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს. ჩვენ გავცემთ ნებართვას და მათ შესანიშნავი პარტნიორი ეყოლებათ“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, ელისონთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე.