უკრაინაში ომის გაგრძელების შემთხვევაში, ტრამპი რუსეთს სანქციებით ემუქრება

უკრაინაში ომის გაგრძელების შემთხვევაში, ტრამპი რუსეთს სანქციებით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოსკოვს „მაღალი დონის“ სანქციებით, გადასახადებითა და ტარიფებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომს არ დაასრულებს. ამის შესახებ ტრამპმა განცხადება ოთხშაბათს, თავისივე სოციალური ქსელის, Truth Social-ის საშუალებით გააკეთა.

ტრამპის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ რუსეთი და „სხვა მონაწილე ქვეყნები“ ვერ შეძლებენ უკრაინაში ომის დასრულებას, მას სხვა გამოსავალი არ დარჩება, გარდა იმისა, რომ მოქმედ პირებს ახალი ტარიფები, გადასახადები და სანქციები დაუწესოს. ჯერჯერობით უცნობია, რა დონის ტარიფებზეა საუბარი, თუმცა ჯერ კიდევ ნოემბერში, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა BRICS-ის წევრი სახელმწიფოებისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესება დააანონსა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, BRICS-ის წევრებზე, რომელთა შორის რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და ირანი არიან, ახალი ტარიფები საერთაშორისო ვაჭრობაში აშშ დოლარის ჩანაცვლების შემთხვევაში ამოქმედდება. ტრამპის თქმით, ის არ აპირებს უყუროს BRICS-ის სახელმწიფოებს, თუ როგორ შორდებიან აშშ დოლარს და ამის საწინააღმდეგოდ არაფერი მოიმოქმედოს.

ტრამპმა, რომელიც ხშირად ხაზს უსვამს მის „ძალიან კარგ ურთიერთობას“ პუტინთან თქვა, რომ ის, თავისი მუქარით, რუსეთს „ძალიან დიდ სარგებელს“ აძლევს. მისივე ვარაუდით, იმ შემთხვევაში თუ ომი არ დასრულება, სიტუაცია მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ ომის დასრულება შესაძლებელია „ძალიან მარტივი ან ძალიან რთული“ გზით, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია თუ რას გულისხმობს ეს „რთული გზა“.

„მოდით დავასრულოთ ომი, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში არასდროს დაიწყებოდა. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება მარტივი გზით, ან რთული გზით – და მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. შეთანხმების მიღწევის დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს“, – ვკითხულობთ ტრამპის განცხადებაში.

მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს (BIS) თანახმად, აშშ-ში რუსეთიდან საქონლის სრულმა იმპორტმა 2022 წელს $14.4 მილიარდი შეადგინა, რაც 51%-ით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით ($29.6 მილიარდი აშშ დოლარი). 2024 წელს კი, ეს მონაცემი $2.8 მილიარდამდე შემცირდა.