გუშინ, 27 იანვარს, სავაჭრო დღის დასასრულს, საფონდო ბირჟებზე ნახევარგამტარების უმსხვილესი მწარმოებლის, Nvidia-ს აქციების ღირებულება 17%-ით შემცირდა. შედეგად, ამერიკული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდული $600 მილიარდით შემცირდა და, Companies Market Cap-ის მონაცემებით, Nvidia $2.9 ტრილიონით, მესამე ადგილზე, Apple-ისა ($3.45 ტრილიონი) და Microsoft-ის ($3.23 ტრილიონი) ქვემოთ გადაინაცვლა.
Nvidia-ს აქციების ღირებულების ვარდნის გავლენით, ამერიკული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და უმსხვილესმა აქციონერმა, იენსენ ჰუანგმა, ბოლო მონაცემებით, $20 მილიარდზე მეტი დაკარგა. ამჟამად იენსენ ჰუანგი $103.6 მილიარდით, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეათედან მე-17 პოზიციაზეა ჩამოქვეითებული.
Nvidia-ს აქციების გაუფასურების მიზეზი ხელოვნური ინტელექტის ჩინური სტარტაპი DeepSeek-ია. DeepSeek-ი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ DeepSeek-V3 მოდელზეა დაფუძნებული, პოპულარული მალევე გახდა და შეერთებულ შტატებში iOS-ის App Store-ზე ChatGPT-ის გადმოწერებს უკვე გადაასწრო. DeepSeek-ი საჯაროდ 10 იანვარს გაეშვა. მისმა პოპულარობის ზრდამ კი, Nvidia-სთან ერთად, სხვა ამერიკული კომპანიებიც დააზარალა.
დაზარალებულ მილიარდერთა შორის ასევე მოხვდნენ აშშ-ის უმსხვილესი მაღაზიათა ქსელის Walmart-ის მემკვიდრეები – რობ, ჯიმ და ელის უოლტონები, ასევე Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი, Dell-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ დელი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი.
თუმცა, ამ დანაკარგების ფონზე, აუცილებელია აღინიშნოს Oracle-ის თავმჯდომარის, ლარი ელისონის მიერ მიღებული ზარალი, რომელმაც Nvidia-ს უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერის დანაკარგებსაც გადაასწრო. ელისონის სიმდიდრე, გუშინდელი სავაჭრო დღის ბოლოს დაფიქსირებული მონაცემებით, $27.6 მილიარდით შემცირდა. მიზეზი Oracle-ის აქციების ღირებულების 14%-იანი ვარდნაა, რის შედეგადაც ელისონმა მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანის სტატუსიც დაკარგა და Forbes-ის რეიტინგში მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა.
Nvidia და Oracle-ი იმ ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის მოხვდნენ, რომლებიც ბაზარზე DeepSeek-ის წამოწევით მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. ამერიკული Forbes-ის განმარტებით, DeepSeek-ის გამოჩენამ – რომელიც ChatGPT-ის მთავარ კონკურენტად ისახება – გააჩინა კითხვები იმის შესახებ, გააგრძელებენ თუ არა კომპანიები დიდი თანხების დახარჯვას ტექნოლოგიაზე, რომელიც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებისა და მომზადებისთვის არის აუცილებელი.
აქვე უნდა ითქვას, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, DeepSeek-მა თავისი ახალი მოდელის, DeepSeek-V3-ის ცდებისთვის, Nvidia-ს $6 მილიონის ღირებულების H800 მოდელის ჩიპები გამოიყენა. ეს ჩიპების ექსპორტის კონტროლის რეგულაციების ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შეგახსენებთ, აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2021 წელს ნახევარგამტარების ჩინეთში ექსპორტის შემზღუდავი კანონმდებლობა კიდევ უფრო გაამკაცრა.
მართალია, ორშაბათის სავაჭრო სესია ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტებისთვის დიდწილად უარყოფითი გამოდგა, თუმცა რამდენიმე კომპანია ამ შემთხვევაშიც გამონაკლისი იყო. მათ შორის Apple-ი, რომლის აქციების ღირებულებაც 3%-ზე მეტით გაიზარდა. Apple-ის ეს შედეგი, სავარაუდოდ, AI-ის მიმართულებით, მის ტექნოლოგიურ კონკურენტებთან შედარებით, კომპანიის შედარებით დაბალი დანახარჯების დამსახურება იყო. შედეგად, Apple-ის მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი $23 მილიონით გამდიდრდა.
წარმოგიდგენთ მილიარდერებს, რომელთაც ორშაბათს, ბირჟის დახურვის დროის მონაცემებით, ყველაზე მეტი დაკარგეს:
#1 Oracle-ის თავმჯდომარე ლარი ელისონი
წმინდა ქონება: $200.5 მილიარდი
დანაკარგი: $27.6 მილიარდი
#2 Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი იენსენ ჰუანგი
წმინდა ქონება: $103.6 მილიარდი
დანაკარგი: $20.8 მილიარდი
#3 Dell-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ დელი
წმინდა ქონება: $105.5 მილიარდი
დანაკარგი: $12.4 მილიარდი
#4 Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი
წმინდა ქონება: $158.3 მილიარდი
დანაკარგი: $6.3 მილიარდი
#5 Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი
წმინდა ქონება: $151.1 მილიარდი
დანაკარგი: $5.9 მილიარდი
#6 Google-ის ადრეული ინვესტორი ანდრეას ფონ ბეხტოლშაიმი
წმინდა ქონება: $21.1 მილიარდი
დანაკარგი: $5.4 მილიარდი
#7 Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი
წმინდა ქონება: $417.4 მილიარდი
დანაკარგი: $5.3 მილიარდი
#8 Interactive Brokers-ის თავმჯდომარე თომას პეტერფი
წმინდა ქონება: $60.5 მილიარდი
დანაკარგი: $4.1 მილიარდი
#9 Broadcom-ის თავმჯდომარე ჰენრი სამუელი
წმინდა ქონება: $20.3 მილიარდი
დანაკარგი: $3.7 მილიარდი
#10 Broadcom-ის თანადამფუძნებელი ჰენრი ნიკოლას III
წმინდა ქონება: $16.7 მილიარდი
დანაკარგი: $2.8 მილიარდი