ევროპაში გაყიდვების ვარდნის გავლენით, Tesla-ს აქციები, სამშაბათის მდგომარეობით, 8%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ერთ თვეში, ევროპის რეგიონში Tesla-ს გაყიდვები 45%-ითაა შემცირებული, მაშინ როდესაც ამერიკული გიგანტის კონკურენტების პროდუქციის მიმართ მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება.
Tesla-ს ერთი აქციის ღირებულება, სამშაბათს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, 8.4%-ით, $302.6-მდე შემცირდა. შუადღის მდგომარეობით, $972.98 მილიარდამდე შემცირდა ამერიკული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციაც. ცნობისთვის, გასული წლის ნოემბრის შემდეგ, Tesla-ს საბაზრო ღირებულება $1-ტრილიონიან ნიშნულს პირველად ჩამოსცდა.
Tesla-ს აქციების ღირებულების ვარდნის შედეგად, $15 მილიარდით გაღარიბდა ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება დაახლოებით 4%-ით, $365.3 მილიარდამდეა შემცირებული.
საერთო ჯამში, 31 დეკემბრის შემდეგ, Tesla-ს აქციების ღირებულება $403.84-დან 25%-ითაა გაუფასურებული. კომპანიის აქციების ფასის ვარდნა Bloomberg-ის ანგარიშს მოჰყვა, ევროპაში გაყიდვების ვარდნასთან დაკავშირებით. გამოცემის ინფორმაციით, ვარდნა მასკის პოლიტიკაში ჩართულობას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ მილიარდერი ტრამპის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
Bloomberg-ის ანგარიშით, 2025 წლის იანვარში, გერმანიასა და საფრანგეთში – შესაბამისად, 2021 წლის ივლისისა და 2022 წლის აგვისტოს შემდეგ – Tesla-ს ახალი მანქანების რეგისტრაციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
გამოცემის ცნობით, იანვრის თვეში, ევროპის მასშტაბით, Tesla-ს ახალი ელექტრომობილების რეგისტრაციამ 9,945 ერთეული შეადგინა, როდესაც ერთი წლის წინ, 18,161-ს აღწევდა. პარალელურად, ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, ელექტრომობილების გაყიდვები საერთო ჯამში 37%-ით გაიზარდა.