აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უცხო ქვეყნის მდიდარი მოქალაქეებისთვის „ოქროს ბარათების“ შეთავაზებას გეგმავს. ტრამპის განცხადებით, ბარათი, რომლის ღირებულებაც $5 მილიონი იქნება, არსებულ ინვესტორების ვიზას ჩაანაცვლებს, რომელიც აშშ-ში უკვე 35 წელია, მოქმედებს.
„ოქროს ბარათის“ პრეტენდენტები, აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალური კაბინეტის სხდომაზე აღწერა: „ისინი იქნებიან მდიდრები და წარმატებულები, დახარჯავენ ბევრ ფულს, გადაიხდიან გადასახადებს და უამრავ ადამიანს დაასაქმებენ. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან წარმატებული იქნება“. აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის, ჰოვარდ ლუტნიკის განცხადებით, „ტრამპის ოქროს ბარათები“ EB-5-ის ვიზებს, სავარაუდოდ, მომდევნო ორ კვირაში ჩაანაცვლებს.
კითხვაზე, მიიღებენ თუ არა რუსი ოლიგარქები „ოქროს ბარათებს“ ტრამპმა უპასუხა: „დიახ, შესაძლოა. მე ვიცნობ რამდენიმე რუს ოლიგარქს და ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან“.
„ისინი აღარ არიან ისეთი მდიდრები, როგორც წარსულში; თუმცა ვფიქრობ, $5 მილიონს გასწვდებიან,“ – იხუმრა აშშ-ის პრეზიდენტმა.
EB-5-ის ვიზები აშშ-ის კონგრესმა 1990 წელს შემოიღო, უცხოური ინვესტიციების გენერირების მიზნით. EB-5 განკუთვნილი იყო პირებისთვის, რომლებიც აშშ-ის კომპანიებში დაახლოებით $1 მილიონს აბანდებდნენ და სულ მცირე 10 ადამიანს ასაქმებდნენ.
ლუტნიკის შეფასებით, „ოქროს ბარათი“ ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობას გაზრდის და აღმოფხვრის თაღლითობის შემთხვევებს, რომლებიც EB-5-ის ვიზების შემთხვევაში ხშირი იყო. მის მფლობელებს აშშ-ში ცხოვრებისა და იქ სამუშაო ადგილების შექმნის უფლება ექნებათ. „მწვანე ბარათის“ მსგავსად, ისიც იქნება გზა მოქალაქეობისაკენ.