სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი იანვართან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა. საქსტატის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 10.4-პროცენტიანი ზრდით იყო განპირობებული, რამაც 2.13 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

გასული წლის თებერვალთან შედარებით 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.6-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.0-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 2.82 და 1.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, – წერია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 20.8%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ცვლილებას სეგმენტების მიხედვით:
- საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.0 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 6.5 პროცენტით;
- არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 10.1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.3 პროცენტით;
- სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.3 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.1 პროცენტით.
