უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის განცხადებით, კიევი მზადაა, ამერიკის შეერთებული შტატებისგან სამხედრო პაკეტი შეისყიდოს. ამჟამად უკრაინას ვაშინგტონისგან $30 მილიარდიდან $50 მილიარდამდე ღირებულების სამხედრო პაკეტის მიღება სურს და პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, დახმარებას „უფასოდ“ არ ითხოვს.
„უკრაინამ ვაშინგტონისგან დამატებით $30-$50 მილიარდის სამხედრო დახმარების პაკეტი მოითხოვა და ის მზადაა, მის სანაცვლოდ თანხა გადაიხადოს – ან პირდაპირ აშშ-ის ან მინერალური რესურსების შეთანხმების ერთობლივ ფონდში, რომელიც ჯერ კიდევ არ შექმნილა“, – განაცხადა ზელენსკიმ ოთხშაბათს, კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. „ჩვენ შემდეგი პაკეტი უფასოდ არ მოგვითხოვია“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინასთან მინერალების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სურს. შეთანხმება აშშ-ს მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე ათვისებული ბუნებრივი რესურსებიდან შემოსავლის მიღებაში დაეხმარება. გარიგება, ტრამპის შეფასებით, ერთგვარი კომპენსაცია იქნება იმ მილიარდობით დოლარის დახმარებისთვის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ომში უკრაინისთვის გაიღო.
თუმცა მინერალებზე შეთანხმების პირობებმა შესაძლოა, უკრაინა დაავალდებულოს, გარიგებიდან მიღებული შემოსავლის ნახევარი აშშ-ს გადასცეს. სწორედ ამიტომ უკრაინა უკეთესი პირობების მიღწევაზე მუშაობს. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ზელენსკიმ ისიც განაცხადა, რომ კიევი ბაიდენის მიერ დამტკიცებულ სამხედრო დახმარებას კვლავ იღებს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, როდის მიიღებს უკრაინა აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მიერ უზრუნველყოფილ პაკეტს.