Huawei ახალ AI-ჩიპებზე მუშაობს | ჩინეთი Nvidia-ს ალტერნატივებს ეძებს

Huawei ახალ AI-ჩიპებზე მუშაობს | ჩინეთი Nvidia-ს ალტერნატივებს ეძებს

Reuters-ი, კომპანიის შიდა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Huawei Technologies-ი, მომდევნო თვეში, ჩინეთის ბაზრისთვის მოწინავე 910C ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მასობრივ მიწოდებას დაიწყებს. მედიასააგენტოს ინფორმაციითვე, გასული წლის ბოლოს Huawei-მ 910C-ის ნიმუშები რამდენიმე ტექნოლოგიურ ფირმას გამოსაცდელადაც გადასცა და შეკვეთების მიღება დაიწყო.

წყაროს თანახმად, Huawei-ს 910C, გრაფიკული დამუშავების ერთეულია (GPU), რომელიც Nvidia-ს H100 ჩიპის მსგავს ეფექტიანობას გაფართოებული ინტეგრაციის ტექნიკით ორი 910B პროცესორის ერთ პაკეტში გაერთიანებისას აღწევს. ეს ნიშნავს, რომ მას 910B-სთან შედარებით ორმაგი გამოთვლითი სიმძლავრე და მეხსიერების შესაძლებლობები აქვს, მასთან ერთად კი, დამატებითი გაუმჯობესებებიც, მათ შორის გაძლიერებული მხარდაჭერა სხვადასხვა AI-სამუშაოს შესასრულებლად.

თავად Huawei ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ჩინური ბაზრისთვის მასობრივი მიწოდების შესახებ გავრცელებულ ხმებს სპეკულაციებს უწოდებს და მედიასთან დამატებით კომენტარზე უარს აცხადებს.

პარალელურად, ჩინური AI-კომპანიები Nvidia-ს მიერ წარმოებული H20-ისთვის შიდა ალტერნატივების მოძიებას ცდილობენ. Nvidia-ს ბოლო დრომდე უფლება ჰქონდა, თავისი ჩიპები ჩინეთის ბაზარზე თავისუფლად გაეყიდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, კომპანიას H20-ის გასატანად ახლა უკვე საექსპორტო ლიცენზია დასჭირდება.

ცნობისთვის, აშშ-მა ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარების, განსაკუთრებით მისი სამხედროებისთვის მიწოდების შეზღუდვისთვის, გარკვეულ ქმედებებს წარსულშიც მიმართა. მათ შორის, ჩინეთს შეუზღუდა წვდომა Nvidia-ს მოწინავე ფლაგმანურ B200 ჩიპზე, 2022 წელს კი ჩინეთში H100-ჩიპების გაყიდვა ბაზარზე ჩაშვებამდე აკრძალა.