მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, მილიარდერი ილონ მასკი, პირველ ქორწინებაში 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მასკი 2000 წლიდან 2008 წლამდე კანადელ რომანისტზე, ჯასტინ უილსონზე იყო დაქორწინებული. ამ პერიოდში ჯასტინმა მას ექვსი შვილი გაუჩინა: მათგან პირველი ჩვილობაში გარდაიცვალა, მას შემდეგ კი მასკსა და ჯასტინს ტყუპები და ტრიპლეტი შეეძინათ.
მიუხედავად იმისა, რომ მასკი ახლა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულს ატარებს, ჯასტინი მხოლოდ მილიონერია. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ჯასტინის ქონება $15 მილიონს აღწევს, რაც მასკის $364-მილიარდიანი სიმდიდრის მხოლოდ 1/24,000-ია. Forbes-ი შეეცადა გაერკვია, თუ რატომ არ არის ილონ მასკის პირველი ცოლი მილიარდერობასთან ახლოსაც კი?
ჯასტინთან ქორწინების შემდეგ მასკს, დაუზუსტებელი ცნობებით, სულ მცირე, 14 შვილი ჰყავს. თუმცა პირველი ცოლის მსგავსად, კარგი ურთიერთობით არც თავისი სხვა შვილების დედებთან გამოირჩევა. მაგალითისთვის, მასკმა ეშლი სენტ-კლერს, თავისი ერთ-ერთი შვილის დედას, ბავშვზე ინფორმაციის დამალვისთვის $15 მილიონი და $100,000 ყოველთვიური ალიმენტი შესთავაზა. თუმცა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მასკმა შეთავაზება მალევე უკან წაიღო მას შემდეგ, რაც სენტ-კლერმა მასკის მამობის შესახებ საჯაროდ განაცხადა.
როგორც Forbes-ი წერს, ილონ მასკი თავის პირველ ცოლს, ჯასტინს, ქუინსის უნივერსიტეტში, კანადაში შეხვდა. შემდგომში ისინი კიდევ ერთხელ, 1990-იანი წლების შუაში გადაიკვეთნენ და ილონის მიერ, თავისი პირველი კომპანიის, Zip2-ის შექმნის პროცესში ერთად ცხოვრობდნენ. 1999 წელს ილონმა თანადამფუძნებლებთან ერთად Zip2 $300 მილიონად გაყიდა, ამ თანხიდან $20 მილიონი კი თავად მიიღო. კომპანიის გაყიდვიდან მიღებული თანხიდან ილონმა $1 მილიონად Palo Alto-ში საცხოვრებელი ბინა და McLaren F1-ის სპორტული მანქანა შეიძინა, რომელიც შემდგომში დაამტვრია.
პირველი კომპანიის გაყიდვის მომდევნო წელს, 2002 წელს, ილონ მასკმა ჯასტინზე იქორწინა და საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა. სწორედ აქ დააფუძნა თავისი ერთ-ერთი კომპანია SpaceX-იც. 2002-დან 2006 წლამდე, ჯასტინსა და მასკს ექვსი ვაჟი შეეძინათ, პარალელურად კი ჯასტინი თავის შემოქმედებით ცხოვრებას მიჰყვებოდა. მასკმა მეუღლეს განქორწინების მოთხოვნით 2008 წელს მიმართა – რამდენიმე თვით ადრე, სანამ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დაიკავებდა (და ოთხი წლით ადრე, სანამ 2012 წელს, Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში მოხვდებოდა). განქორწინების მოთხოვნიდან ექვს კვირაში მასკი თავის მომდევნო ცოლზე დაინიშნა.
როგორც ჯასტინი წერს, განქორწინების პროცედურების მიმდინარეობისას, მან ყოფილი მეუღლისგან მათი საერთო სახლი, ალიმენტი, Tesla-ს 10%-იანი წილი, SpaceX-ში 5%-ის აქციები, Tesla Roadster-ი და $6 მილიონი მოითხოვა. ამ ყველაფრის მიღების შემთხვევაში, Forbes-ის შეფასებით, ჯასტინის ქონება დღეს სულ მცირე $17.3 მილიარდი იქნებოდა, რაც მას პლანეტის 113-ე ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევდა. მასკისა და ჯასტინის შემთხვევა რადიკალურად განსხვავდება მილიარდერების სხვა გახმაურებული განქორწინებებისგან. მაგალითად, მაკენზი სკოტმა ბეზოსთან დაშორების შემდეგ Amazon-ის 16% მიიღო და ახლა $36 მილიარდის მფლობელია. ხოლო Forbes-ის შეფასებით, ბილ გეიტსთან განქორწინების შემდეგ, მელინდა გეიტსმა მისი მეუღლის იმდროინდელი $124-მილიარდიანი ქონებიდან, $25 მილიარდი მიიღო.
ილონის ინფორმაციით, მისი მოთხოვნების სანაცვლოდ, მან ჯასტინს $80 მილიონი (გადასახადების ჩათვლით) შესთავაზა. თუმცა ჯასტინმა შეთავაზება დაბლოკა, რადგან მისთვის უფრო მნიშვნელოვანი Tesla-სა და SpaceX-ში აქციები იყო. საბოლოოდ, ჯასტინმა თავის თავდაპირველ შეთავაზებაზე ბევრად ნაკლები მიიღო.
ამერიკული Forbes-ი განმარტავს, თუ რა გახდა ამის მთავარი მიზეზი. როგორც გამოცემა წერს, ჯასტინმა 2000 წლის მარტში ხელი ქორწინების შემდგომ ხელშეკრულებას მოაწერა. როგორც 2010 წელს, განქორწინების პროცესის მიმდინარეობისას მან განმარტა, იმ დროს ის საკუთარ მეუღლეს ენდობოდა და სამომავლოდ მასთან განქორწინებაზეც არ ფიქრობდა: „ხელმოწერით თითქმის ყველა ჩემი უფლება, როგორც დაქორწინებული ადამიანის, დავთმე. თუმცა არა ჩვენს საერთო სახლზე, რომელიც ჩემს სახელზე უნდა ყოფილიყო, ბავშვის გაჩენის შემდეგ”.
2008 წელს ჯასტინმა ილონს სასამართლოში უჩივლა და განაცხადა, რომ ქორწინების შემდგომი შეთანხმების ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენა. ჯასტინის განმარტებით, ხელშეკრულებაში მასკის კომპანიების, X.com-ისა და Confinity-ის შერწყმის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. ამ შერწყმის შედეგად PayPal-ი შეიქმნა, რომელიც შემდგომში უკვე eBay-მ, აქციების სახით $1.5 მილიარდად შეისყიდა. შეთანხმებიდან ილონ მასკმა $100 მილიონი მიიღო. სასამართლო დავა ორ წელს გაგრძელდა. მასკის სასამართლო ხარჯებმა $4 მილიონს მიაღწია, თუმცა საბოლოოდ, მის სასიკეთოდ დასრულდა.
სასამართლოს დასრულების შემდემ, მასკის ინფორმაციით, ჯასტინმა $20 მილიონი მიიღო (გადასახადების ჩათვლით) – აქედან ნახევარი მათი სახლის ღირებულება იყო, ნაწილი ბავშვებთან დაკავშირებული ხარჯების სახით დაიფარა, დამატებით კი პირადი ხარჯებისთვის, თვიურად $20,000 იყო გათვალისწინებული. თუმცა ჯასტინმა სახლიდან $10 მილიონი ვერ მიიღო. მას უძრავი ქონება 2011 წელს $6.5 მილიონად გაყიდა და შემდეგ ახალი სახლი $4.3 მილიონად იყიდა. ამ სახლის ღირებულება ამჟამად $8 მილიონს აღწევს. სახლის გაყიდვიდან დარჩენილი თანხის ($2 მილიონი) ინვესტირების შემთხვევაში კი, Forbes-ის შეფასებით, ახლა ამ თანხის ღირებულება შესაძლოა $6.5 მილიონამდე ყოფილიყო.
ჯასტინთან განქორწინების შემდეგ მალევე, ილონმა ბრიტანელი მსახიობი ტალულა რაილი გაიცნო. ისინი ორი კვირის შემდეგ დაინიშნნენ. რაილი იმ დროს 22 წლის იყო. მასკმა და მისმა მეორე ცოლმა ორჯერ იქორწინეს – ჯერ 2010 წლიდან 2012 წლამდე, შემდეგ ისევ 2013 წლიდან 2016 წლამდე. ამ ქორწინებიდან ილონს შვილი არ დარჩენია. ამის მიუხედავად, 2022 წლის ინტერვიუში რაილიმ მასკს „შესანიშნავი ყოფილი ქმარი“ და „დიდი მეგობარი“ უწოდა.
ამის შემდეგ მასკი აღარ დაქორწინებულა, თუმცა გრძელვადიანი ურთიერთობა ჰქონდა მომღერალ გრაიმსთან, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს. ასევე ოთხი შვილი ჰყავს Neuralink-ის აღმასრულებელ დირექტორთან, შივონ ზილისთან. ეს ყველაფერი პლანეტის ხელახლა დასახლების გეგმის ნაწილი იყო. Wall Street Journal-ის ზილისი ტეხასში ცხოვრობს, სადაც მასკის გეგმით მისი შვილები და მათი მშობლები უნდა დასახლებულიყვნენ.
რაც შეეხება ჯასტინს, ის მასკთან განშორების შემდეგ ნაკლებად ცნობილი ფიგურაა. 2016 წელს ჯასტინმა მცირე ზომის მოთხრობა გამოაქვეყნა, შემდგომში კი, უმეტესად ბლოგების წერით შემოიფარგლებოდა. თუმცა ბოლო დროინდელ განცხადებებში, ის ტრამპისა და მისი ყოფილი ქმრის პოლიტიკას ღიად დაუპირისპირდა. 2024 წლის დასაწყისში, ჯასტინმა ტრამპზე კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა და „ძლიერი თეთრკანიანი მამაკაცები“ გააკრიტიკა, რომლებიც თავს მსხვერპლად ასაღებენ. თუმცა ბოლო წელია, მას X-ზე (ყოფილი Twitter-ი) არაფერი დაუწერია.