სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 7.75 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 2.01 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2024 წლის მონაცემს 14.2%-ით აღემატება. იმპორტმა კი 5.74 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 15.7%-ით გაიზარდა.
შედეგად, 2025 წლის იანვარ-აპრილში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.
აღნიშნულ პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 753.9 მლნ. აშშ დოლარით. ეს მთელი ექსპორტის 37.4%-ს წარმოადგენს. მეორე ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია
96.3 მლნ. აშშ დოლარით. მთლიან ექსპორტში ამ ჯგუფის წილი 4.8%-ს უტოლდება. მესამე ადგილზე კი სპირტიანი სასმელებია 76.5 მლნ. აშშ დოლარითა და ექსპორტში 3.8%-იანი წილით.

მსუბუქი ავტომობილები პირველ ადგილს იკავებს იმპორტშიც, 966.4 მლნ. აშშ დოლარითა და მთლიან იმპორტში 16.8%-იანი წილით. მეორე ადგილზე სურათები, ნახატები და პასტელებია (ხელით შესრულებული) 481.1 მლნ. აშშ დოლარით. ამ ჯგუფის წილი იმპორტში 8.4%-ს შეადგენს. მესამე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია 396.5 მლნ. აშშ დოლარითა და 6.9%-იანი წილით.
