BYD-მ ევროპაში გაყიდვებით Tesla-ს პირველად გადაასწრო

BYD-მ ევროპაში გაყიდვებით Tesla-ს პირველად გადაასწრო

პირველად, ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა BYD-მ, ევროპის კონტინენტზე, ახალი ავტომობილების რეგისტრაციებით, ამერიკულ კონკურენტ Tesla-ს გადაასწრო. ბაზრის ანალიტიკური პლატფორმა Jato Dynamics-ის მონაცემებით, ევროპაში BYD-ის რეგისტრაციებმა 7,231 ერთეულს მიაღწია.

შედეგად, მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, BYD-ის ევროპული გაყიდვები 169%-ითაა გაზრდილი. გარდა ამისა, Jato Dynamics-ის შეფასებით, პლაგ-ინ ჰიბრული ელექტრომობილების ჩათვლით, BYD-ის აპრილის გაყიდვები წლიურად 359%-ითაა გაზრდილი. იმავე პერიოდში, ამერიკული მწარმოებლისთვის ახალი ელექტრომობილების რეგისტრაციები, ევროპის კონტინენტზე, წლიურ ჭრილში 49%-ით შემცირდა.

Jato Dynamics-ის ანალიტიკოს ფელიპე მუნიოსის შეფასებით, ეს მომენტი გარდამტეხია ევროპის საავტომობილო ბაზრისთვის, რადგან Tesla-მ, წლების შემდეგ, ლიდერობა დაკარგა. Tesla-ს გარდა, წლიურ ჭრილში, აპრილის თვეში შემცირდა Volvo-სა და Mercedes-ის ელექტრომობილების რეგისტრაციებიც, შესაბამისად 43%-ითა და 1%-ით. Skoda-მ კი ყველაზე მაღალი, 214%-იანი ზრდა დააფიქსირა.

Tesla-ს ვარდნის მიუხედავად, მთლიანად ელექტრომობილების სეგმენტში შესამჩნევი ზრდა ფიქსირდება. საერთო ჯამში, გასულ წელთან შედარებით, ელექტრომობილების რეგისტრაციები 28%-ითაა გაზრდილი. EV-ების წამყვანმა ბრენდმა Volkswagen-მა კი, აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, 61%-ით მეტი ელექტრომობილი გაყიდა.