ტრამპი „ჰარვარდისთვის“ განკუთვნილი $3 მილიარდის პროფესიული სასწავლებლებისთვის გადაცემით იმუქრება

ტრამპი „ჰარვარდისთვის“ განკუთვნილი $3 მილიარდის პროფესიული სასწავლებლებისთვის გადაცემით იმუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის განკუთვნილი $3 მილიარდის ღირებულების გრანტების პროფესიული სასწავლებლებისთვის განაწილებით იმუქრება. შეთავაზება, რომელსაც ტრამპი „შესანიშნავ ინვესტიციას“ უწოდებს, პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ის საშუალებით გააჟღერა.

„ვფიქრობ, რომ მკვეთრად ანტისემიტურ „ჰარვარდს“ $3 მილიარდის გრანტები ჩამოვართვა და ის, ქვეყნის მასშტაბით, პროფესიულ სკოლებს გადავცე. რა შესანიშნავი ინვესტიცია იქნებოდა აშშ-ისთვის და ძალიან საჭირო“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. თუმცა ტრამპმა მხოლოდ შეთავაზება გააჟღერა და კონკრეტული გეგმები ან ვადები გრანტის გადაცემაზე არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის განათლების დეპარტამენტის ანტისემიტიზმთან ბრძოლის ერთობლივმა ჯგუფმა ჰარვარდის უნივერსიტეტს $2.2 მილიარდის დაფინანსება გაუყინა. მიზეზად დეპარტამენტის მოთხოვნების შეუსრულებლობა და ადმინისტრაციაში ცვლილებებზე უარი დასახელდა. გასულ კვირას კი ტრამპის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების მიღებაც აუკრძალა, რომლებიც უნივერსიტეტის საერთო ჩარიცხულთა დაახლოებით 27%-ს შეადგენენ.

„ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით, „ჰარვარდის“ უცხოელ სტუდენტთა სიას… „ჰარვარდი“ ძალიან ნელა ამზადებს ამ დოკუმენტებს და, ალბათ, საფუძვლიანი მიზეზით!“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე და დასძინა, რომ სია დაეხმარებათ იმ რადიკალებისა და პრობლემური პირების დადგენაში, რომლებიც ქვეყანაში აღარასდროს არ უნდა დაბრუნდნენ.