რომელ ქვეყნებს ჰყავს ყველაზე განათლებული მოსახლეობა?

რომელ ქვეყნებს ჰყავს ყველაზე განათლებული მოსახლეობა?

ქვეყნის კეთილდღეობა ხშირად მისი შრომისუნარიანი მოსახლეობის განათლების დონესთან არის დაკავშირებული. სამუშაო ძალა კი, რომლის განათლების დონე მაღალია, როგორც წესი, უფრო მაღალი პროდუქტიულობით, ინოვაციების მეტი შესაძლებლობითა და ეკონომიკური ზრდის პოტენციალით გამოირჩევა.

Visual Capitalist-მა, CBRE Research-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შემოგვთავაზა ქვეყნების სია, რომლებსაც ყველაზე განათლებული მოსახლეობა ჰყავს. კვლევის დროს ქვეყნებში 25-64 წლის ადამიანების რაოდენობა დაითვალეს და განსაზღვრეს მათი წილი, რომლებსაც ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხი აქვთ მიღებული. სია 2023 წლის მდგომარეობით არსებული მონაცემების გამოყენებით არის შედგენილი.

აღნიშნული კუთხით სახელმწიფოების შედარებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნები უმაღლეს განათლებაზე წვდომის სხვადასხვა ეტაპზე არიან. მაგალითად, თუ განვითარებულ ქვეყნებში განათლებაზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი მაღალია და უფრო და უფრო იზრდება, განვითარებადი ეკონომიკები ამ ტემპის დაწევას კვლავ ცდილობენ.

შესაბამისად, დასავლეთის ქვეყნებს განათლებული მოსახლეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, განათლებული ზრდასრულების წილის მიხედვით. რეიტინგის ტოპ-10 ქვეყნიდან ექვსი ევროპაში მდებარეობს. სიას ირლანდია ლიდერობს, რომლის 25-64 წლის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, 52.4%-ს უნივერსიტეტის სხვადასხვა ხარისხი აქვს. მას მოსდევს შვეიცარია და სინგაპური, შესაბამისად, მოცემულ ასაკობრივ კატეგორიაში განათლებული მოსახლეობის 46%-იანი და 45%-იანი წილით.

აღსანიშნავია, რომ განათლებული მოსახლეობის რაოდენობით (78.2 მილიონი) ამერიკის შეერთებული შტატები გამოირჩევა და 25-64 წლის მოსახლეობის რაოდენობასთან პროცენტულ თანაფარდობას თუ გამოვრიცხავთ, ამ კუთხით ის მესამე ადგილზეა.

ინდოეთსა და ჩინეთს, მსოფლიოს ორ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას, სიაში შესულ სახელმწიფოებს შორის განათლებული ადამიანების ყველაზე დაბალი წილი აქვს. თუმცა, მოსახლეობის ზომის გამო, მათ ყველა სხვა ქვეყანას შორის უნივერსიტეტის ხარისხის მფლობელი ყველაზე მეტი მოქალაქე ჰყავს, შესაბამისად, 139.4 მილიონი და 88.1 მილიონი.

განათლების დონესა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს შორის ძლიერი დადებითი კორელაციის გათვალისწინებით, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა განვითარებადი ეკონომიკებისთვის პრიორიტეტად რჩება, სადაც სამუშაო ძალის დიდი ნაწილი გაუნათლებელია.

ტოპ-10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განათლებული მოსახლეობა ჰყავს: 
ქვეყანა25-64 წლის მოსახლეობა, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხიბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხის მქონე მოსახლეობის წილირეგიონი
ირლანდია1.8 მლნ52.4%ევროპა
შვეიცარია2.7 მლნ46.0%ევროპა
სინგაპური1.9 მლნ45.0%აზია
ბელგია3.3 მლნ44.1%ევროპა
გაერთიანებული სამეფო19.1 მლნ43.6%ევროპა
ნიდერლანდი4.8 მლნ42.0%ევროპა
აშშ78.2 მლნ40.3%ჩრდილოეთი ამერიკა
ავსტრალია6.9 მლნ39.8%ოკეანია
ისრაელი2.2 მლნ39.7%ახლო აღმოსავლეთი
შვედეთი2.6 მლნ39.6%ევროპა