ორშაბათს კანადაში მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი G7-ის ალიანსის წევრი უნდა იყოს. ტრამპმა გაერთიანებაში რუსეთის ხელახლა მიღების შესახებ მოწოდებებიც კიდევ ერთხელ გააჟღერა, რითაც სხვა ლიდერებთან უთანხმოება გააღვივა, რადგან ისინი ალიანსში მოსკოვის დაბრუნების წინააღმდეგნი არიან.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის „ახლა ომი არ იწარმოებდა“, თუ რუსეთი ალიანსის ნაწილი იქნებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის ღიაა ჩინეთის G7-ში გაწევრებისთვის, „თუ ვინმეს ამის შეთავაზება სურს“.
დონალდ ტრამპმა კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდო და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა 2014 წელს რუსეთის G8-დან ყირიმის ანექსიის გამო გარიცხვისთვის გააკრიტიკა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ალიანსის შვიდივე სხვა ლიდერმა ერთად მიიღო. 2014 წელს რუსეთისთვის ალიანსის წევრობის შეჩერება ამ ქვეყნისგან დისტანცირებისა და უკრაინის მხარდაჭერისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„შეცდომა იყო მისი გარიცხვა… საქმე რუსეთის მოწონებასა და არმოწონებაში არ არის“, – განაცხადა ჯერ კიდევ თებერვალში აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დონალდ ტრამპის აღნიშნული სურვილი, და ზოგადად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი ურთიერთობა, იმ რამდენიმე საკითხს შორისაა, რამაც აშშ-ის პრეზიდენტსა და G7-ის სხვა ლიდერებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა.
ცნობისთვის, კანადაში, კანანასკისში, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერები G7-ის ყოველწლიური სამიტზე 15 ივნისს შეიკრიბნენ. გეგმის მიხედვით, სამიტი 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. შეხვედრები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ ისინი რამდენიმე გეოპოლიტიკური მოვლენის ფონზე მიმდინარეობს – მათ შორისაა რუსეთ-უკრაინის ომი და ისრაელსა და ირანს შორის რამდენიმე დღის წინ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი.
იხილეთ ასევე: კანადაში G7-ის სამიტი მიმდინარეობს | რა საკითხებს განიხილავენ ლიდერები?