აშშ-სა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა

აშშ-სა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან იმპორტირებულ გარკვეულ პროდუქციაზე ტარიფებს ფორმალურად ამცირებს. ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ოფიციალური სავაჭრო შეთანხმების მიღწევის პროცესის გაგრძელებაა.

შეთანხმება, რომელიც ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა კანადაში, G7-ის სამიტის ფარგლებში გამოაცხადეს, ბრიტანული ავტომობილების იმპორტზე ტარიფებისა და კვოტების ოდენობას ამტკიცებს და აქცენტს აკეთებს ბრიტანეთის აერონავტიკის სექტორზე გადასახადის გაუქმებაზე. თუმცა ფოლადისა და ალუმინის იმპორტის გადასახადის საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა „ფანტასტიკურადაა“. „ჩვენ ხელი მოვაწერეთ და შეთანხმება მიღწეულია“, – აღნიშნა მან. თავდაპირველად ტრამპმა მას შეცდომით ევროკავშირთან შეთანხმება უწოდა, თუმცა მოგვიანებით შეცდომა გამოასწორა და დააკონკრეტა, რომ ეს შეთანხმება ბრიტანეთთან გაფორმდა.

„ძალიან კარგი დღეა ორივე ქვეყნისთვის, სიძლიერის ნამდვილი ნიშანი“, – განაცხადა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, აშშ გეგმავს ბრიტანეთიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე კვოტის დაწესებას, რაც მათ 25%-იანი ტარიფისგან გაათავისუფლებს. თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ბრიტანეთი დაამტკიცოს, რომ ფოლადის მიწოდების ჯაჭვები და წარმოების ობიექტები უსაფრთხოა.

თეთრი სახლის განცხადებით, კვოტის დონეს ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი დაადგენს.

ბრიტანეთმა ფოლადსა და ალუმინზე 50%-მდე ტარიფები, რომლებიც აშშ-მა სხვა ქვეყნებს ამ თვის დასაწყისში დაუწესა, თავიდან აირიდა. თუმცა, თუ ტარიფების შემცირების შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა, შესაძლოა, 9 ივლისიდან იმპორტის გადასახადი მისთვისაც გაიზარდოს.

ორმა ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბრიტანელი ავტომწარმოებლებისთვის წლიური კვოტა 100 000 ავტომობილის ოდენობით იქნება განსაზღვრული, რომელთა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა 10%-იანი ტარიფით იქნება შესაძლებელი, რაც სხვა ქვეყნებისთვის დაწესებულ 25%-იან ტარიფზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

თეთრი სახლის ცნობით, გეგმა ძალაში ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან შვიდი დღის შემდეგ შევა.

აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, შეთანხმება ასევე აუქმებს ტარიფებს დიდი ბრიტანეთის აერონავტიკის ინდუსტრიაზე, მათ შორის ნაწილებსა და თვითმფრინავებზე.