სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სომხური წარმომავლობის რუსი მილიარდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია TASS-მა გაავრცელა.
ბიზნესმენის დაკავების შემდეგ, მისი მხარდამჭერები სამმართველოს შენობასთან შეიკრიბნენ. კარაპეტიანს ბრალი ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით საჯარო მოწოდებებისთვის წაუყენეს.
„მე ჩვენს ეკლესიასთან, სომეხ ხალხთან ვიქნები. არ მაინტერესებს ისინი ან მათი „ელექტროქსელები“ (კარაპეტიანი კომპანია „სომხეთის ელექტროქსელების“ მფლობელია – შენიშვნა). ხალხი მაინც იტყვის თავის აზრს და მიხვდება, რომ შეცდა“, – განუცხადა მან დაკავებისას ჟურნალისტებს.
კარაპეტიანის სახლი სამშაბათს გაჩხრიკეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის მოქალაქეობის მქონე მილიარდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მცირე ჯგუფმა სომხურ ეკლესიას, სომეხ ხალხს შეუტია“. კარაპეტიანმა დასძინა: „თუ პოლიტიკური ფიგურები ვერაფერს მიაღწევენ, ჩვენ ჩვენი გზით ჩავერევით ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში“.
ჩხრეკა სამველ კარაპეტიანის მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის კრიტიკის ფონზე ჩატარდა. მაისში, სომხეთის მთავრობის მეთაურმა სომხური სამოციქულო ეკლესიის კრიტიკა აქტიურად დაიწყო, კერძოდ, კათოლიკოსი გარეგინ II ცელიბატის (დაუქორწინებლობის წესი) დარღვევაში დაადანაშაულა და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ, კარაპეტიანმა ეკლესიის დასაცავად გარკვეული განცხადებები გააკეთა.
სამველ კარაპეტიანი ამერიკული Forbes-ის რეიტინგში 928-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. კარაპეტიანი კომპანიების ჯგუფ „ტაშირს“ და სავაჭრო ცენტრების ქსელ „რიოს“ ფლობს.