

Forbes Georgia
საქართველო მთავრობის ვალით მსოფლიოში 146-ე ადგილზეა

ეკონომიკის მიმართ მთავრობის ვალის ტვირთის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 146-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
გარკვეული მოცულობის დავალიანება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას აქვს. მთავრობის ვალი ორი სახის არის: საშინაო და საგარეო. საშინაო ვალს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობისგან იღებს, ძირითადად ეს ხდება კომერციული ბანკებისთვის ან საფინანსო ფონდებისთვის ფასიანი ქაღალდების მიყიდვით. საგარეო ვალს კი მთავრობები სხვა ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ. განვითარებადი ქვეყნები უმეტესად საგარეო ვალს იღებენ, სადაც ძირითადი დონორები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან და განვითარებად ქვეყნებს გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად და ინფრასტრუქტურის ასაშენებლად აძლევენ.
ქვეყნის დავალიანების ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მილიარდი ლარის ვალი აქვს საქართველოს) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან ვალის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე და ქვეყნის ეკონომიკის სიდიდეზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის ვალის ტვირთის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ვალის ქვეყნის ეკონომიკასთან (მთლიან შიდა პროდუქტთან – მშპ) ფარდობაა.
ქვეყნების მიხედვით მთავრობის ვალის ტვირთის მაჩვენებელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს, მათ შორის – საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აპრილში გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 36.1% იყო და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 187 ქვეყანას შორის 146-ე ადგილს იკავებდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე მძიმე დავალიანება 145 ქვეყანას აქვს, 41 ქვეყანას კი ნაკლებად აწევს ვალის ტვირთი. 2023 წელს საქართველო რეიტინგში 139-ე ადგილზე იყო მშპ-ის მიმართ 38.9%-ის სიდიდის ვალით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ვალი 33.2 მილიარდი ლარი იყო. 2024 წელს მთავრობის საგარეო ვალი 245 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო საშინაო ვალი – 1.4 მილიარდი ლარით. ჯამში, ვალი 1.7 მილიარდი ლარით გაიზარდა, მაგრამ ეკონომიკის ზრდის გამო, მშპ-ის მიმართ 38.9%-დან 36.1%-მდე შემცირდა.
2013-2016 წლებში საქართველოს მთავრობის ვალი იზრდებოდა, 2017-2018 წლებში მშპ-ის მიმართ მცირედით შემცირდა – 38.2%-მდე, თუმცა 2019 წელს მშპ-ის 40.0%-მდე გაიზარდა. 2020 წელს პანდემიის გამო ვალი მშპ-ის მიმართ თითქმის 20% პუნქტით გაიზარდა და 59.6% შეადგინა. ბოლო 4 წელიწადში კი ისევ შემცირდა 23.5% პუნქტით.
საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 2015-2024 წლებში

ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აქვს
სავალუტო ფონდის მიხედვით, მსოფლიოში მთავრობის ვალი ყველაზე მძიმე ტვირთად სუდანს აწევს, სადაც მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 272%-ია. მეორე ადგილზე იაპონიაა, რომელსაც მშპ-ის მიმართ 237% ვალი აქვს. მესამე ადგილზე სინგაპურია მშპ-ის მიმართ 174% მთავრობის ვალით. ნომინალურ გამოსახულებაში ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აშშ-ს აქვს – 35.2 ტრილიონი დოლარი. შემდეგ იაპონია მოდის 9 ტრილიონი დოლარის მთავრობის ვალით.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი სომხეთს აქვს, მშპ-ის მიმართ 50.3%. შემდეგ თურქეთი მოდის მშპ-ის მიმართ 26%-ით. აზერბაიჯანის მთავრობის ვალი მშპ-ის 21%-ია, რუსეთის კი მშპ-ის 20.3%.
მსოფლიოში ყველაზე დაბალი დავალიანება ბრუნეის მთავრობას აქვს – მშპ-ის 2.2%. შემდეგ მოდის ქუვეითი მშპ-ის მიმართ 3%-ით და ტუვალუ მშპ-ის მიმართ 3.9% დავალიანებით. დაბალი დავალიანება ძირითადად ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებს აქვთ.
ყველაზე მაღალი მთავრობის ვალის მქონე 10 ქვეყანა, 2024 წლის ბოლო
ქვეყანა | მშპ-ის მიმართ, % | |
1 | სუდანი | 272 |
2 | იაპონია | 237 |
3 | სინგაპური | 174 |
4 | ვენესუელა | 164 |
5 | ლიბანი | 164 |
6 | საბერძნეთი | 151 |
7 | იტალია | 135 |
8 | ბაჰრეინი | 134 |
9 | მალდივის კუნძულები | 134 |
10 | აშშ | 121 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


რა უჯდება ბეზოსს ვენეციაში ქორწილი და რამ გამოიწვია ადგილობრივების პროტესტი?

TOP-5 ყველაზე ძვირადღირებული ქართული ავტოკომპანია

„თეგეტა ბიზნესი“ – ახალი მიმართულება ჰოლდინგმა ბიზნესფორუმზე კორპორაციულ მომხმარებლებს წარუდგინა

მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნები
