ფოტო: Umit Bektas/Reuters
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქონება ოთხშაბათს $168 მილიონით შემცირდა. ამის მიზეზი Trump Media & Technology Group-ის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნაა. კომპანია, რომელიც სოციალურ ქსელ Truth Social-ს ფლობს, დემოკრატების მიერ შუალედურ არჩევნებში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ საფონდო ბირჟაზე თითქმის 25%-ით გაუფასურდა.
Forbes-ის შეფასებით, ტრამპის ქონება ამჟამად $6.4 მილიარდს შეადგენს. ოთხშაბათის ვარდნის შედეგად, მისი ქონება 2.5%-ზე მეტით შემცირდა. ტრამპი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 623-ე ადგილს იკავებს. მისი სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი კი უძრავ ქონებაშია დაბანდებული.
Trump Media-ს აქციების ფასი ოთხშაბათს დღის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმამდე, $4.46-მდე დაეცა, ვაჭრობის დასრულებისას კი $4.49 შეადგინა. შედეგად, კომპანიის აქციების ღირებულება ერთ დღეში 24.5%-ით შემცირდა. ეს მაჩვენებელი გასულ კვირას დაფიქსირებულ წინა ისტორიულ მინიმუმზე ($5.40) მნიშვნელოვნად დაბალია. 2026 წლის დასაწყისიდან Trump Media-ს აქციები ჯამურად 66%-ზე მეტით არის გაუფასურებული.
კომპანიის ფინანსური მდგომარეობაც არასახარბიელოა. 2026 წლის მეორე კვარტალში Trump Media-მ $238.1 მილიონის წმინდა ზარალი დააფიქსირა, ხოლო კომპანიის შემოსავალმა მხოლოდ $1.7 მილიონი შეადგინა. Trump Media-ს საბაზრო ღირებულების შემცირებასთან ერთად, იკლებს მის მთავარ პლატფორმა Truth Social-ზე მომხმარებელთა აქტივობაც. The Washington Post-ის ინფორმაციით, Similarweb-ის მონაცემებზე დაყრდნობით, სექტემბერში პლატფორმის ვებტრაფიკი წლიურად 30%-ით იყო შემცირებული.
დემოკრატების გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა რესპუბლიკელების მარცხი იმ ფაქტორს დაუკავშირა, რომ თავად არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა. „მე საარჩევნო ბიულეტენში არ ვიყავი და რომ ვყოფილიყავი, გამანადგურებელ გამარჯვებას მოვიპოვებდით!“ – დაწერა მან სამშაბათს Truth Social-ზე. მოგვიანებით, The New York Times-თან ინტერვიუში, ეს პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









