უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა ღამით ქვეყნის რამდენიმე ქალაქზე მასშტაბური თავდასხმისთვის რეკორდული რაოდენობის, 728 დრონი, ასევე შვიდი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.
საჰაერო ძალების ცნობით, 296 დრონი და შვიდივე ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო 415 დრონი რადარებიდან გაქრა. შესაბამისად, უკრაინის თავდაცვის სისტემებმა 718 დრონი და ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალა. როგორც ირკვევა, ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ ქვეყნის შორეულ დასავლეთში მდებარე ქალაქი ლუცკი მოექცა.
„სამიზნეების უმეტესობა ჩამოაგდეს. გამოყენებული იქნა ჩვენი დრონები – ათობით (რუსული) სამიზნე გავანადგურეთ და ჩვენ ამ ტექნოლოგიას ვაფართოებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო კვირების განმავლობაში რუსული ბალისტიკური რაკეტები და კამიკაძე დრონები აქტიურად ესხმოდნენ თავს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებს, რის შედეგადაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ასობით კი – დაშავდა.
უკრაინაზე საჰაერო თავდასხმები აქტიურად მას შემდეგ განახლდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის დაძაბულობის გამწვავების ფონზე, ტრამპი უკრაინას Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმედგო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი 10 ერთეული რაკეტის გაგზავნას დაჰპირდა.