ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით საქართველო 90-ე ადგილზეა

2 (28)

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 90-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. მსოფლიო ბანკი ერთ მოსახლეზე შემოსავალს მთლიანი ეროვნული შემოსავლის (მეშ) გადანაწილების მეთოდოლოგიითაც თვლის. მთლიანი ეროვნული შემოსავალი მთლიანი შიდა პროდუქტისგან (მშპ) იმით განსხვავდება, რომ შემოსავალს ქვეყნის რეზიდენტების მიხედვით თვლის, ანუ მშპ-ს ემატება ამ ქვეყნის რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული თანხა და აკლდება ქვეყნის შიგნით უცხოელების მიერ გამომუშავებული თანხა. საბოლოოდ ვიღებთ ქვეყნის რეზიდენტების მიღებულ შემოსავალს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. მაგალითად, საქართველოს მშპ-ს გამოაკლდება უცხოელების მიერ საქართველოში გამომუშავებული თანხა და დაემატება ქართველების მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული თანხა.

ქვეყნების მაჩვენებლები ერთმანეთთან მეტად შესადარისი რომ იყოს, მსოფლიო ბანკი შემოსავალს „ატლასის მეთოდით“ თვლის. ეს მეთოდოლოგია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მსგავსია, რადგან ქვეყნებს შორის განსხვავებულ ფასების დონეებს ითვალისწინებს.

მსოფლიო ბანკის 2024 წლის რეიტინგი 189 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლი ზრდის რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით საქართველო 189 ქვეყანას შორის 90-ე ადგილზეა. რეიტინგი 2024 წლის მონაცემებით არის შედგენილი, როდესაც საქართველოში ერთ მოსახლეზე წლიურმა ეროვნულმა შემოსავალმა 8,200 დოლარი შეადგინა.

2023 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 6,710 დოლარი იყო და საქართველო რეიტინგში 97-ე ადგილს იკავებდა. 2024 წელს რეიტინგში საქართველო 7 საფეხურით ამაღლდა. შემოსავლის ზრდა 9.4%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.

„ატლასის მეთოდით“ დათვლილი ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის ცვლილება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გარდა, ასევე დამოკიდებულია: ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე, ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე და ემიგრანტებისა და იმიგრანტების გამომუშავებულ თანხაზე. როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს ლარის გაუფასურების შესაბამისი ინფლაცია, „ატლასის მეთოდით“ დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი იზრდება.

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავალი საქართველოში, დოლარი

წყარო: მსოფლიო ბანკი
ქვეყნები, სადაც შემოსავლები ყველაზე მაღალია

მსოფლიო ბანკის ინფორმაცით, 2024 წელს ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი ყველაზე მაღალი ნორვეგიაში იყო – 98,280 დოლარი. მეორე ადგილზე შვეიცარიაა 95,900 დოლარით. მესამეზე კი ლუქსემბურგია 91,470 დოლარით. არაევროპული ქვეყნებიდან ტოპ-10-ში აშშ, კატარი და სინგაპური ხვდებიან.

ეროვნული შემოსავლის მიხედვით საქართველოსთან ყველაზე ახლოს სომხეთი (7,780 დოლარი), ბელარუსი (8,240 დოლარი) და ჩრდილოეთი მაკედონია (8,360 დოლარი) არიან.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალშემოსავლიანი რუსეთია, ერთ მოსახლეზე 15,320 დოლარით. შემდეგ თურქეთი მოდის 13,150 დოლარით. აზერბაიჯანში ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 7,310 დოლარია.

ეროვნული შემოსავლით ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბურუნდია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური ეროვნული შემოსავალი 190 დოლარია. შემდეგ მოდის ავღანეთი 370 დოლარით, მადაგასკარი 510 დოლარით და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 520 დოლარით.

ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის მიხედვით, დოლარი, 2024 წელი

 ქვეყანადოლარი
1ნორვეგია98,280
2შვეიცარია95,900
3ლუქსემბურგი91,470
4აშშ83,660
5ისლანდია78,480
6ირლანდია77,920
7კატარი76,720
8სინგაპური74,750
9დანია73,790
10ფარერის კუნძულები72,040

წყარო: მსოფლიო ბანკი

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე