მეორე დღეა, სერბეთის დიდ ქალაქებში ანტისამთავრობო აქციები ხელისუფლების მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსა და მომხრეებს შორის დაპირისპირებით მიმდინარეობს. გუშინ ქალაქ ნოვი-სადში, მმართველი „პროგრესული პარტიის“ ოფისთან, პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მხარდამჭერებმა მომიტინგეების წინააღმდეგ პიროტექნიკა გამოიყენეს. რის შემდეგაც დემონსტრანტებმა ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს.
შინაგან საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად სულ მცირე ერთი პოლიციელია დაშავებული. დაჩიჩმა აქციის მონაწილე მხარეებს „კანონისა და წესრიგის აღდგენისკენ“ მოუწოდა. ათასობით მომიტინგე შეიკრიბა ქვეყნის სხვა ნაწილებში, მათ შორის დედაქალაქ ბელგრადში, სადაც სპეცრაზმმა მთავრობის წინააღმდეგი მომიტინგეების ჯგუფების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
სერბეთის ქუჩებში გამოსული მომიტინგეები, რომელთაც ძირითადად სტუდენტური ჯგუფები წარმოადგენენ, ვადამდელ არჩევნებს და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ. სერბეთში ანტისამთავრობო გამოსვლები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოვი-სადში რკინიგზის სადგურში სახურავის ჩამონგრევას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მომიტინგეები მომხდარ ტრაგედიას ქვეყანაში გამეფებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ.
მას შემდეგ სერბეთში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. თუმცა ბოლო დღეებში პრეზიდენტ ვუჩიჩისა და მისი ხელისუფლების მომხრეებმა კონტრდემონსტრაციების ორგანიზება დაიწყეს. პროსამთავრობო მედიის ცნობით, ვუჩიჩი ოთხშაბათს საღამოს ბელგრადის ცენტრში, პრეზიდენტის შენობის წინ, მისი მხარდამჭერების ბანაკში ჩავიდა. მან ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს „ბანდიტები“ უწოდა.
ოთხშაბათის საპროტესტო აქციები წინა საღამოს, ქალაქ ვრბასში მომხდარი ინციდენტების საპასუხოდ დაორგანიზდა. ვრბასში გადაღებულ ფოტომასალაში ჩანს, როგორ ესროდნენ ერთმანეთს მთავრობის მხარდამჭერთა ჯგუფები და მომიტინგეები სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ფეთქებად საშუალებებს, ქვებსა და ბოთლებს. არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად ათეულობით ადამიანი, მათ შორის 16 პოლიციელი დაშავდა. მსგავსი ინციდენტები სამშაბათს საღამოს ქვეყნის სხვა ნაწილებში გამართულ საპროტესტო აქციებზეც მოხდა.
ოთხშაბათს, ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთში დემოკრატიის მხარდამჭერ აქციებს ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა. წარსულში ვუჩიჩმა და მისი მთავრობის წარმომადგენლებმა დემონსტრანტებს არაერთხელ „ტერორისტებიც“ უწოდეს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ნოემბრიდან სერბეთში გამართული საპროტესტო აქციები ძირითადად მშვიდობიანი იყო. ვუჩიჩს არაერთხელ უთქვამს ისიც, რომ საპროტესტო აქციების უკან „უცხო ძალა“ დგას.
ცნობისთვის, სერბეთი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა. ქვეყანამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს გააკეთა, თუმცა მისი კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ინტეგრაციის პროცესს აფერხებს. ვუჩიჩს პრეზიდენტობის მეორე ვადა 2027 წელს ეწურება. იმავე წელს კი ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. ვუჩიჩმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე უარი უკვე არაერთგზის განაცხადა. ამჟამად, მისი „პროგრესული პარტიის“ მეთაურობით კოალიცია 250 საპარლამენტო ადგილიდან 156-ს ფლობს.