ნეპალში აქციების ფონზე, მთავრობამ სოციალური მედიის აკრძალვა მოხსნა

ნეპალში აქციების ფონზე, მთავრობამ სოციალური მედიის აკრძალვა მოხსნა

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, ანტისამთავრობო აქციების მონაწილე დემონსტრანტებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირებას 19 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. დემონსტრანტებმა კომენდანტის საათის მიმართ დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და დემონსტრაციები გააგრძელეს. აქციების დროს ისინი პრემიერ-მინისტრ კ.პ. შარმა ოლის წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

ხელისუფლების მიერ განუსაზღვრელი ვადით დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად, მომიტინგეები პარლამენტის წინ და კატმანდუს სხვა ადგილებში შეიკრიბნენ. კომენდანტის საათის ფარგლებში, დედაქალაქის სკოლები და მაღაზიები დაკეტილია, ხოლო შეკრებები განუსაზღვრელი ვადით აიკძალა.

კატმანდუში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რას ნეპალის მთავრობამ სოციალური მედიის პლატფორმების, მათ შორის Facebook-ის, X-ისა და YouTube-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლების განცხადებით, პლატფორმებს ქვეყანაში კომპანიების ოფიციალურად რეგისტრაციის მოთხოვნით არაერთგზის მიმართეს, თუმცა მათგან შესაბამისი რეაგირება არ მიუღიათ. შეზღუდვის მიზეზად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების რეგულირება დასახელდა.

ნეპალის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სოციალური ქსელების დაბლოკვა ჯერ კიდევ გასულ კვირას დააანონსა. ნეპალის ხელისუფლების მოთხოვნების შესაბამისად ქვეყანაში TikTok-ი, Viber-ი და კიდევ სამი პლატფორმა დარეგისტრირდა, რომლებიც მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს.

კატმანდუში ვითარების გამწვავების ფონზე, მთავრობამ სოციალური მედიის აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენ გავაუქმეთ სოციალური მედიის აკრძალვის გადაწყვეტილება. ისინი ახლა მუშაობს“, – განუცხადა Reuters-ს კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრმა პრიტვი სუბა გურუნგმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამშაბათს დილით ნეპალში ყველა აპლიკაცია ხელმისაწვდომი იყო.

ქვეყნის პრემიერის განცხადებით, მთავრობა დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას გადაუხდის და დაშავებულებს უფასო მკურნალობას უზრუნველყოფს. „შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც მიზეზებს დაადგენს, დანაკარგებს შეაფასებს და 15 დღის განმავლობაში შემოგვთავაზებს ზომებს, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს“, – თქვა მან ორშაბათს გვიან ღამით გაკეთებულ განცხადებაში.

კატმანდუში აქციას მედიამ „Z-თაობის“ პროტესტს უწოდებს, რადგან დემონსტრაციებში ძირითადად 1995-დან 2010 წლამდე დაბადებული პირები მონაწილეობდნენ. „შეაჩერეთ სოციალური მედიის აკრძალვა, შეაჩერეთ კორუფცია და არა სოციალური მედია“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.