Forbes 400: აშშ-ის 10 უმდიდრესი ქალი 2025 წლისთვის

Forbes 400: აშშ-ის 10 უმდიდრესი ქალი 2025 წლისთვის

ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის უმდიდრესი ადამიანების 2025 წლის სია – Forbes 400 გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, ტარიფებმა, ინფლაციამა თუ დასაქმების ზრდის შენელებამ ამერიკელი მილიარდერების ქონებაზე გავლენა ვერ მოახდინა და ისინი არასდროს ყოფილან ისეთი მდიდრები, როგორც ახლა.

აშშ-ის 400 უმდიდრესი ადამიანის ქონება რეკორდულ 6.6 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საფონდო ბირჟების ზრდისა და ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, მათი სიმდიდრე 1.2 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.

ათი წლის წინ, Forbes 400-ში მოსახვედრად მინიმუმ 1.7 მილიარდი დოლარი იყო საჭირო და 3.8 მილიარდი დოლარის ქონებით რეიტინგის ზედა ნახევარში თავისუფლად აღმოჩნდებოდით – ახლა ეს თანხა სიაში მოსახვედრად მინიმალური მოთხოვნაა.

Forbes 400-ის უმდიდრესი ამერიკელების სიაში მამაკაცები კვლავ დომინირებენ, წელს კი – ბოლო წლებისგან განსხვავებით – ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. 400 უმდიდრეს ადამიანს შორის მხოლოდ 62 ქალია, რაც რეიტინგის 15.5%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი გასულ წელს 67-ს, ანუ დაახლოებით 17%-ს უტოლდებოდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალები 2019 წლის შემდეგ სიაში თავიანთი წარმომადგენლობის გაზრდას ვერ ახერხებენ.

მიუხედავად ამისა, 400 ამერიკელ მილიარდერს შორის დარჩენილი ქალების თითქმის სამი მეოთხედი უფრო მდიდარია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. ჯამში, ამ 62 ქალის ქონება 872 მილიარდი დოლარია, რაც 2024 წლის 839 მილიარდ დოლარს აღემატება.

აშშ-ში უმდიდრესი ქალის ტიტულს ელის უოლტონი ფლობს. $89.2 მილიარდის ქონებით, უოლტონი აშშ-ის მე-15 უმდიდრესი ადამიანია. მისი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი, მამის მიერ 1962 წელს დაარსებულ საცალო ვაჭრობის გიგანტ Walmart-ის აქციებზე მოდის. უოლტონის ქონების ზრდაზე გავლენა სწორედ Walmart-ის აქციებმა მოახდინა. ამერიკული საცალო ვაჭრობის გიგანტის აქციების ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 26%-ზე მეტით გაიზარდა და რეკორდულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.

სიაში მეორე ადილს ჯულია კოხი იკავებს, რომლის ქონება $81.2 მილიარდად არის შეფასებული. მისი სიმდიდრის ძირითადი წყარო გარდაცვლილი ქმრის, დევიდისგან 2019 წელს მემკვიდრეობით მიღებული Koch Industries-ის 42.5%-იანი წილია. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში მან და მისმა შვილებმა NFL-ის გუნდის, New York Giants-ის, წილი შეიძინეს.

Forbes 400-ის უმდიდრეს ამერიკელ ქალების შორის მესამე პოზიციაზეა ჟაკლინ მარსი, რომელიც $42.2 მილიარდად შეფასებულ ქონებას ფლობს. ქონება ჟაკლინმაც მემკვიდრეობით მიიღო. მისი ბაბუა ტკბილეულისა და შინაური ცხოველების საკვების გიგანტის, Mars-ის დამფუძნებელი იყო, რომელიც ისეთი ბრენდების უკან დგას, როგორიცაა M&M’s-ი, Snickers-ი და Pedigree.

რეიტინგში შემავალი ქალების 80%-ზე მეტმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო. წლევანდელი Forbes 400-ის ყველაზე მდიდარი თვითშემდგარი მილიარდერი ქალი კი კვლავ დაიან ჰენდრიკსია, რომელიც სამშენებლო მასალების დისტრიბუტორ ABC Supply-ს ფლობს. მისი ქონება დაახლოებით 22.3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

აშშ-ის 10 უმდიდრესი ქალი, 2025 წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით:
ადგილისახელიქონებაასაკისიმდიდრის წყარო
1ელის უოლტონი$106 მლრდ75Walmart
2ჯულია კოხი და ოჯახი$81.2 მლრდ63Koch Inc.
3ჟაკლინ მარსი$42.2 მლრდ85ტკბილეული, ცხოველთა საკვები
4მირიამ ადელსონი და ოჯახი$37.9 მლრდ79კაზინოები
5აბიგაილ ჯონსონი$35 მლრდ63Fidelity
6მაქკენზი სკოტი$33.9 მლრდ55Amazon
7მერილინ საიმონსი და ოჯახი$32.5 მლრდ74ჰეჯ-ფონდები
8ელაინ მარშალი და ოჯახი$30.9 მლრდ83Koch Inc.
9მელინდა ფრენჩ გეიტსი$29 მლრდ61Microsoft, ინვესტიციები
10ლინდალ სტივენს გრეტი და ოჯახი$27.4 მლრდ50ნავთობი და გაზი