

Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა ახალი ზელანდია?

ახალ ზელანდიაში მცხოვრები ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი 46 ათასი დოლარია და ამ მაჩვენებლით ახალი ზელანდია მსოფლიოში 23-ე ადგილს იკავებს. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით ახალზელანდიელის საშუალო წლიური შემოსავალი 55 ათასი დოლარია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 36-ე ადგილზეა. ახალი ზელანდია უფრო მდიდარია, ვიდრე იაპონია, პოლონეთი, პორტუგალია, ესტონეთი, საბერძნეთი და ა.შ.
ევროპელები ბრიტანელი კაპიტნის ჯეიმზ კუკის ხელმძღვანელობით ახალ ზელანდიაში პირველად 1769 წელს ჩავიდნენ. განვითარების დაბალ საფეხურზე ყოფნიდან გამომდინარე, ზელანდია ბრიტანეთის გავლენის ქვეშ მოექცა და მის კოლონიად გამოცხადდა. სრული დამოუკიდებლობა 1947 წელს მოიპოვა. დღეს ზელანდიაში მცხოვრები მოსახლეობის 70%-მდე ევროპული წარმომავლობისაა.
ევროპელების ჩასვლამდე ზელანდიის მოსახლეობა (ძირითადად მაორის ტომი) პრიმიტიული სოფლის მეურნეობით, მეთევზეობით და ნადირობით იყო დაკავებული. არ იყენებდნენ ფულს, ვაჭრობა ბარტერული იყო. ბრიტანეთი ახალი ზელანდიის ტერიტორიას აგრარული მეურნეობის განვითარებისთვის იყენებდა, ძირითადად განავითარა მეცხვარეობა და მერქნის წარმოება. როგორც სხვა კოლონიები, ახალი ზელანდიაც ძალიან დამოკიდებული იყო ბრიტანეთის იმპერიაზე, განსაკუთრებით ვაჭრობით.
მე-19 საუკუნის დასაწყისში ზელანდია ბრიტანეთში კვების პროდუქტების მთავარი ექსპორტიორი გახდა, განსაკუთრებით – ხორცისა და რძის. გამომდინარე იქიდან, რომ ცოტა ხალხი ცხოვრობდა დიდ ტერიტორიაზე, მსხვილი ფერმერული მეურნეობები ყალიბდებოდა. მაგალითად, დღეს ზელანდიაში 5 მლნ ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის სიმჭიდროვით ქვეყანა მსოფლიოში 204-ე ადგილზეა.
დამოუკიდებლობის მოპოვების დროს ახალ ზელანდიაში ისეთი ძლიერი იყო სოფლის მეურნეობა, რომ ეკონომიკური განვითარებით ქვეყანა საშუალო ევროპულ დონის ქვეყნებს უტოლდებოდა. 1950-1960-იანი წლებიც წარმატებული იყო, ქვეყანაში თანდათან მომსახურების სექტორის განვითარება დაიწყო და სოფლის მეურნეობას გადაასწრო. ამ პერიოდში ზელანდიის მთავრობამ სოციალური ხარჯები გაზარდა, გააძლიერა სოფლის მეურნეობის სუბსიდირება, საგარეო ვაჭრობა პროტექციონისტული ჰქონდა.
არსებულმა ეკონომიკურმა მოდელმა 1973 წლამდე იმუშავა. 1973 წელს მსოფლიოში „სანავთობო შოკის“ სახელით ცნობილი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რამაც ზელანდიაც დააზარალა. ამავე წელს ბრიტანეთი ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობას შეუერთდა, რის გამოც ზელანდიამ მასთან პრეფერენციული ვაჭრობის უპირატესობა დაკარგა. თუ მანამდე ექსპორტზე ორიენტირება ზელანდიის ეკონომიკის ძლიერი მხარე იყო, დასახელებული მოვლენების გამო სისუსტედ იქცა. ეკონომიკაში სტაგნაცია დაიწყო, იზრდებოდა სახელმწიფო ვალი.
1980-იან წლებში სიტუაციიდან გამოსავალი ფინანსთა მინისტრმა როჯერ დუგლასმა იპოვა და მის ეკონომიკურ რეფორმებს „როჯერნომიკსი“ დაარქვეს. ეს იყო რადიკალური ნეოლიბერალური რეფორმები, რომლებმაც, კერძოდ: შეამცირა რეგულაციები და სოფლის მეურნეობის სუბსიდიები, ქვეყნის ბიუჯეტი დააბალანსა, სახელმწიფო საწარმოები კერძო პირებს მიჰყიდა, ახალზელანდიური დოლარი ფიქსირებული კურსიდან მცურავ გაცვლით კურსზე გადაიყვანა. ახალი ზელანდიის პროტექციონისტური ეკონომიკა ღია, საბაზრო ძალებზე დაფუძნებულ ეკონომიკად აქცია.
1990-იან წლებში პრიორიტეტი განათლებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსება იყო. ამასთან ერთად, ზელანდია ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოთი მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანა გახდა. 2000-იანი წლებიდან ზელანდია სულ უფრო გადაერთო თავისუფალ ვაჭრობაზე და 2008 წელს ჩინეთთანაც გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგები კი განათლება, ტექნოლოგიები და ტურიზმი გახდა.
1980-იან წლებში დაწყებულმა რეფორმებმა, რომლებიც 1990-იან წლებშიც გაგრძელდა, შედეგი მყისიერად არ გამოიღო, მაგრამ მოიტანა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც 2000-იანი წლებიდან უვვე შედარებით მაღალ ეკონომიკურ ზრდაში გამოვლინდა. 1999-2007 წლებში ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა. 2008-2009 წლების მსოფლიო კრიზისის დროს 2%-ით შემცირდა, 2012 წლიდან კი სტაბილურ საშუალო 3%-იან ზრდას დაუბრუნდა, რაც განვითარებული ქვეყნის ეკონომიკისთვის ნორმალური მაჩვენებელია.
ახალ ზელანდიაში ბრიტანეთმა დასავლური ინსტიტუტები შეიტანა და განსხვავებით ზოგიერთი ყოფილი კოლონიისგან, ზელანდიამ ეს ინსტიტუტები შეინარჩუნა და გააძლიერა. ახალი ზელანდია გამორჩეული ქვეყანაა დემოკრატიის დონით, დაბალი კორუფციით, კერძო საკუთრების დაცვით და ეკონომიკური თავისუფლებით. 20024 წლის მდგომარეობით, დემოკრატიის დონით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა, მხოლოდ ნორვეგიას ჩამორჩება. დაბალი კორუფციით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. კერძო საკუთრების დაცვით მსოფლიოში მე-7 ადგილზეა, ხოლო ეკონომიკური თავისუფლებით – მე-11 ადგილზე. ეს არის სწორედ ის ინსტიტუციური საფუძვლები, რაც ახალი ზელანდიის მოსახლეობას ამდიდრებს და ქვეყნის ეკონომიკას დინამიკურს, კონკურენტუნარიანს და სიახლეებზე ორიენტირებულს ხდის.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


პრინცმა ჰარიმ ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციაში $1.5 მილიონი გადარიცხა

Defender Experience 2025: ჯი-თი მოტორსმა ზემო აჭარაში Off-Road ტური მოაწყო

მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული კომპანია
