$1.8-მილიარდიანი ფონდის შექმნის სანაცვლოდ, ტრამპმა IRS-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა

$1.8-მილიარდიანი ფონდის შექმნის სანაცვლოდ, ტრამპმა IRS-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა

ფოტო: Getty Images

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შემოსავლების სამსახურის (IRS) წინააღმდეგ სასამართლოში აღძრული საქმე ნებაყოფლობით შეწყვიტა. ტრამპის გადაწყვეტილების პარალელურად, IRS-მა $1.8-მილიარდიანი ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც სახელმწიფო აპარატის იარაღად გამოყენების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ფონდის ბენეფიციარებს შორის იქნებიან ის პირები, რომლებიც წინა ადმინისტრაციის პერიოდში, პოლიტიკური მოტივით არასამართლიანად დაისაჯნენ, მათ შორის, დიდი ალბათობით, 6 იანვარს კაპიტოლიუმის საქმეში მონაწილეები.

IRS-ის წინააღმდეგ $10-მილიარდიანი დავის ნებაყოფლობით შეწყვეტის თაობაზე სასამართლოს ტრამპმა ორშაბათს, წერილობით მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მიერ სასამართლოში წარდგენილ მოთხოვნაში შეთანხმება ნახსენები არ ყოფილა, იუსტიციის დეპარტამენტმა ორშაბათსვე წარადგინა ოფიციალური შეტყობინება, რომელშიც ახალი, $1.776-მილიარდიანი ე.წ. „იარაღად გამოყენების საწინააღმდეგო ფონდის“ შექმნა დაააინიციირა.

შედეგად, დადასტურდა გასულ კვირას ABC News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტრამპი სასამართლო დავის დასრულებას იმ პირობით დათანხმებოდა, თუ მთავრობა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პოლიტიკური მოტივით უსამართლოდ დასჯილ პირთათვის ფონდს შექმნიდა. ტელეკომპანიამ, იმ პირებს შორის, რომლებიც ფონდიდან კომპენსაციას მიიღებდნენ, კაპოტოლიუმის არეულობაში მონაწილეებიც დაასახელა.

ასევე, ორშაბათს გავრცელებულ პრესრელიზში იუსტიციის დეპარტამენტმაც მიანიშნა, რომ მორიგების ერთადერთი პირობა ფონდის შექმნა და IRS-ის მხრიდან ტრამპისთვის ოფიციალური ბოდიშის მოხდა იყო. გამოცემა The New York Times-ი ასევე წერდა, რომ მორიგება შესაძლოა RS-ის მხრიდან ტრამპის, მისი ოჯახისა და ბიზნესების საგადასახადო აუდიტის შეწყვეტასაც მოიცავდეს.

შეგახსენებთ, ქვეყნის შემოსავლების სამსახურს აშშ-ის პრეზიდენტმა პირველად იანვარში უჩივლა და ამტკიცებდა, რომ უწყებამ ვერ შეძლო ეფექტიანად დაეცვა მისი საგადასახადო დეკლარაციები, რის გამოც დოკუმენტაცია მედიასაშუალებების ხელში მოხვდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ IRS თავად ტრამპის ადმინისტაციის მიერ იმართება, საქმის ნამდვილობისთვის მოსამართლე ლინ მერი უილიამსმა ტრამპსა და IRS-ს სთხოვა დაედასტურებინათ, რეალურად წარმოდგენდნენ თუ არა ისინი სასამართლო დავისთვის საპირისპირო მხარეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მხარეებს საკითხზე ერთობლივი მუშაობა მოუწევდათ.

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, IRS-ის სარჩელის გარდა, ტრამპი ორ სხვა სამართლებრივ დავასაც შეწყვეტს, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ გამოძიებებს უკავშირდება.

როგორ იმუშავებს ფონდი?

იუსტიციის დეპარტამენტის პრესრელიზის თანახმად, კომპენსაციაზე მოთხოვნის წარდგენა შეეძლება ყველას, ვინც თავს პოლიტიკური მოტივით მსხვერპლად მიიჩნევს. მოთხოვნის შესწავლის შემდეგ, ფონდს ექნება უფლებამოსილება, გასცეს ფულადი დახმარება, ან „ფორმალური ბოდიშით“ შემოიფარგლოს. სარჩელების მიღება 2028 წლის 1 დეკემბრამდე, ტრამპის ვადის ამოწურვამდე იქნება შესაძლებელი.

ფონდს 5-წევრიანი საბჭო უხელმძღვანელებს, რომელსაც გენერალური პროკურორი დანიშნავს, ხოლო ერთი პირი კონგრესის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციით იქნება წარდგენილი. საბჭოს წევრების გადაყენების უფლებამოსილება პრეზიდენტ ტრამპს მიენიჭება. ხაზინის მიერ გამოყოფილი $1.776 მილიარდი მოხმარდება როგორც კომპენსაციებს, ისე ფონდის მართვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს.

DOJ-ის განცხადებით, აშშ-ის ხაზინამ ფონდში $1.776 მილიარდი შეთანხების ძალაში შესვლიდან 60 დღის ვადაში უნდა გადარიცხოს. ზუსტი თარიღი, შეთანხმების ძალაში შესვლის ან კომპენსაციების დაწყებასთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია.

თუმცა, როგორც ABC News-ი გასულ კვირას აღნიშნავდა, ფონდი შესაძლოა სამართლებრივ დავაშიც აღმოჩნდეს, თუ დამტკიცდება, რომ ის თავისი შინაარსით არალეგალურია. ორგანიზაცია CREW-ის (Citizens for Responsibility and Ethics in Washington) პრეზიდენტმა, დონალდ კ. შერმანმა Forbes-თან განაცხადა, რომ IRS-ის ინიციირებული ფონდი შესაძლოა არღვევდეს კონსტიტუციის „შიდა მომსახურების ანაზღაურების პუნქტს“. ეს უკანასკნელი პრეზიდენტებსა და სხვა ფედერალურ მოხელეებს, სახელმწიფო ხელფასის მიღმა, თავიანთი თანამდებობის გამოყენებით მოგების მიღებას უკრძალავს.