პუტინი და სი ძინპინი ჩინეთში დაგეგმილ სამიტზე გაზსადენის მასშტაბურ პროექტს განიხილავენ

პუტინი და სი ძინპინი ჩინეთში დაგეგმილ სამიტზე გაზსადენის მასშტაბურ პროექტს განიხილავენ

ფოტო: Alexei Druzhinin–Sputnik/AFP/Getty Images

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პეკინში მიემგზავრება, სადაც ის თავის ჩინელ კოლეგა სი ძინპინს შეხვდება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მოლაპარაკებებს გამართავს. პუტინის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისთვის ქვეყანაში რიგით 25-ე იქნება, პეკინში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ისტორიული ვიზიტიდან დაახლოებით ერთი კვირის თავზე შედგება.

მოსკოვი იმედოვნებს, რომ ვლადიმირ პუტინის ოფიციალური შეხვედრები ჩინეთში რუსული ენერგორესურსების ექსპორტის მკვეთრი ზრდის საფუძველი გახდება და კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს, რომლებიც, რუსული მხარის შეფასებით, უკვე „უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა“.

კრემლის ინფორმაციით, პეკინში გამართული მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი მთავარი თემა გაზსადენი Power of Siberia 2 (PS2) იქნება. პროექტი, რომლის განხორციელებაც წარსულში არაერთხელ გადაიდო, წელიწადში 50 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს იმ რუსული საბადოებიდან, რომლებიც ადრე ევროპას ამარაგებდნენ. კრემლის განცხადებით, სამიტის მიმდინარეობისას გაზსადენი პრეზიდენტებს შორის „სერიოზული“ და „დეტალური“ განხილვის საგანი იქნება.

ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის თავზე, მოსკოვის მწვავე ეკონომიკური პრობლემები ზრდის იმის ალბათობას, რომ პუტინი და სი ძინპინი PS2-ის გაზსადენის მშენებლობის გაგრძელებაზე შეთანხმებას მიაღწევენ. ეს კი რუსეთისთვის ერთადერთი რეალური შანსია, ნაწილობრივ მაინც დააკომპენსიროს ევროპული ბაზრის დაკარგვით გამოწვეული ზარალი.

ცნობისთვის, მილსადენის „მშენებლობის მემორანდუმს“ მხარეებმა ხელი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ „გაზპრომის“ ინჟინრებმა ტექნიკურ დიზაინზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა საბოლოოდ ქვეყნები რამდენიმე კრიტიკულ დეტალზე, მათ შორის, პეკინის მიერ ბუნებრივი აირისთვის გადასახდელ თანხასა და შესყიდვის მოცულობაზე ვერ შეთანხმდნენ.

აღნიშნულ თემას პუტინი ამ თვეშიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის მიერ ნავთობსა და ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შორეული პერსპექტივა  არაა. მან დასძინა, რომ მოხარული იქნებოდა, თუ საბოლოო შეთანხმებას სწორედ პეკინში ვიზიტისას მიაღწევდნენ.

რუსეთი ჩინეთისთვის ნედლი ნავთობის უმსხვილესი წყაროა და ქვეყნის მთლიანი იმპორტის 20%-ს ფარავს. თუმცა უკანასკნელ წლებში პეკინი ირანული ნედლი ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველიც გახდა. შედეგად, ჩინეთის ნავთობის იმპორტის მესამედი და ბუნებრივი აირის იმპორტის 25% ჰორმუზის სრუტეზე გადის, რომელიც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის შედეგად, ბლოკადის ქვეშ აღმოჩნდა. დარგის ექსპერტების შეფასებით, კრიზისმა შესაძლოა ჩინეთი აიძულოს, უგულებელყოს შეშფოთებები რუსულ იმპორტზე დამოკიდებულების შესახებ, თუმცა მოსკოვის ხარჯზე ქვეყანა ახლო აღმოსავლეთის ნავთობის სრულად კომპენსირებას მაინც ვერ მოახერხებს.

კრემლის განცხადებით, რუსულ მხარეს პეკინში ვიზიტთან დაკავშირებით „სერიოზული მოლოდინი“ აქვს. როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური პოზიციები „ძირითადად იდენტურია“, მათი ურთიერთობები კი — „უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა“. პუტინი და სი ძინპინი წელს კიდევ სამჯერ, სხვადასხვა მრავალმხრივ სამიტზე შეხვდებიან ერთმანეთს. უშაკოვის განცხადებითვე, ვიზიტის დრო — ტრამპის პეკინში ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ — მხოლოდ დამთხვევა იყო.

ვლადიმირ პუტინთან ერთად, მოსკოვის მიერ პეკინში წარგზავნილი 39-კაციანი დელეგაცია ჩინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს ოთხშაბათს გამართავს. შეხვედრებისას მხარეები დაახლოებით 40 დოკუმენტს მოაწერენ ხელს.