

Forbes Georgia
ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებით საქართველო მსოფლიოში 96-ე ადგილზეა

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებით, რომელთაც ეროვნული ბანკი განკარგავს, საქართველო მსოფლიოში 96-ე ადგილზეა 194 ქვეყანას შორის.
ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები მოიცავს უცხოურ ვალუტას, ოქროს, სარეზერვო პოზიციას საერთაშორისო სავალუტო ფონდში და სესხების სპეციალურ უფლებებს (SDR). სესხების სპეციალური უფლებები არის საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ნაწილი, რომლებიც შექმნილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და განაწილებულია წევრ ქვეყნებს შორის ოფიციალური რეზერვების სტატუსით. ჩამოთვლილი ოთხი აქტივიდან ქვეყნის რეზერვების უმეტესი წილი უცხოურ ვალუტასა და ოქროზე მოდის.
ყველა ქვეყნის ხელისუფლება უცხოური ვალუტისა და ოქროს გარკვეულ მოცულობას არეზერვებს, რომელსაც ძირითადად ცენტრალური/ეროვნული ბანკები ფლობენ და აკონტროლებენ. რეზერვების დაგროვების მიზანი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა. რეზერვები იხარჯება, როდესაც ქვეყანა საგარეო შოკს განიცდის (ანუ ნაკლები უცხოური ვალუტა შემოდის) ან მთავრობის საგარეო ვალდებულებების მომსახურების დროს.
უცხოური ვალუტის რეზერვების მაღალი დონით ძირითადად ის ქვეყნები გამოირჩევიან, რომელთა ექსპორტი იმპორტზე მეტია, ანუ დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვთ. ეს ლოგიკურია, რადგან ამ დროს საგარეო ვაჭრობის შედეგად ქვეყნიდან უფრო ნაკლები უცხოური ვალუტა გადის, ვიდრე შემოდის.
ქვეყნების მიხედვით ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღრიცხავს. 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკი 5,204 მლნ დოლარის ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს ფლობს. ამ მაჩვენებლით საქართველო 194 ქვეყანას შორის 96-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზერვებიდან 3,942 მლნ დოლარი უცხოური ვალუტაა, 475 მლნ დოლარი სესხების სპეციალური უფლებებია, ხოლო 787 მლნ აშშ დოლარი ოქროს რეზერვია. 3,942 მლნ დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვებიდან 1,033 მლნ დოლარი უცხოური ვალუტა და დეპოზიტებია, ხოლო 2,909 მლნ დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული.
2013 წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკს 2,823 მლნ დოლარის რეზერვი ჰქონდა. 2014-2015 წლებში რეზერვები 2,521 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2016 წლიდან ზრდა დაიწყო და მაქსიმალურ მაჩვენებელს – 5,437 მლნ დოლარს – 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია. ბოლო ორ წელიწადში კი 233 მლნ დოლარით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური უცხოური რეზერვები, მლნ დოლარი

ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მეტი საერთაშორისო რეზერვი აქვთ
ყველაზე მეტი საერთაშორისო რეზერვი ჩინეთს აქვს – 3.6 ტრილიონი დოლარი. აქედან, 3.4 ტრილიონი უცხოური ვალუტაა. ამის მთავარი მიზეზი ჩინეთის დადებითი სავაჭრო ბალანსია. 2024 წელს ჩინეთის ექსპორტმა იმპორტს 992 მლრდ დოლარით გადააჭარბა.
მეორე ადგილზე იაპონიაა 1.3 ტრილიონი დოლარით, მესამეზე შვეიცარიაა 1 ტრილიონი დოლარით.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი რეზერვები რუსეთს აქვს – 685 მლრდ დოლარის, თუმცა უმეტესი ნაწილი „გაყინულია“ და დღეს რუსეთი ზუსტად რა მოცულობის რეზერვებს განაგებს, უცნობია. შემდეგ მოდის თურქეთი 138 მლრდ დოლარით, აზერბაიჯანი 11.7 მლრდ დოლარით და სომხეთი 4.3 მლრდ დოლარით.
ყველაზე ცოტა საერთაშორისო რეზერვი კირიბატს აქვს – 8 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის სომალი 37 მლნ დოლარით. ბოლოდან მე-3 ადგილზე ბურკინა-ფასოა 42 მლნ დოლარით.
ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვის მქონე ქვეყნები
ქვეყანა | მლრდ აშშ დოლარი |
ჩინეთი | 3,602 |
იაპონია | 1,324 |
შვეიცარია | 1,008 |
ინდოეთი | 694 |
რუსეთი | 685 |
ტაივანი | 577 |
საუდის არაბეთი | 435 |
ჰონგ-კონგი | 421 |
სამხრეთი კორეა | 416 |
ბრაზილია | 389 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


DEF-AI 2025 by DGFI – ციფრული ფინანსებისა და ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდი კონფერენცია რეგიონში

4 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო – Ad Black Sea-ს ფესტივალზე საქართველოს ბანკი 14 მედლის მფლობელი გახდა

ტრამპი The New York Times-ს ცილისწამებისთვის უჩივის და $15 მილიარდს ითხოვს

ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
