კრიპტოინდუსტრიის გიგანტი Tether Holdings-ი, $20 მილიარდის დაფინანსების მოზიდვის შესახებ, ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. Tether-ის პროგნოზით, დაფინანსების ახალ რაუნდში $500 მილიარდის ღირებულებას მიაღწევს.
Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, კრიპტოკომპანია აქციების კერძო განთავსების ფარგლებში, დაახლოებით 3%-იანი წილის გაყიდვას განიხილავს. აქციების ჯამური ღირებულება $15-დან $20 მილიარდამდ ფასდება. თუმცა მოლაპარაკებები ამჯერად მხოლოდ საწყის ეტაპზეა და წყაროთა ცნობით, ინვესტიციის საბოლოო მოცულობა შესაძლოა გაცილებით დაბალიც იყოს.
შეთავაზებული წილის გათვალისწინებით, გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომპანიის შეფასება $500 მილიარდს მიაღწევს. $500-მილიარდიანი ღირებულება კი კრიპტოგიგანტს ისეთი კერძო კომპანიების ლიგაში მოაქცევს, როგორებიცაა ოლტმენის OpenAI-ი და ილონ მასკის SpaceX-ი. Yahoo Finance-ის მონაცემებით, ამ კომპანიების სავარაუდო ღირებულება, შესაბამისად, $500 მილიარდსა და $464 მილიარდს აღწევს.
ოთხშაბათს, სოციალურ პლატფომა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, Tether-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პაოლო არდოინომ განაცხადა, რომ კომპანია მაღალი რანგის ინვესტორების ჯგუფისგან მიღებული დაფინანსებით, კომპანიის სტრატეგიის მასშტაბების ყველა არსებულ და ახალ ბიზნესხაზზე გაფართოებას გეგმავს. არდოინოს განცხადებით, კომპანიის მიერ ათვისებულ მიმართულებებს შორის იქნება სტაბილური კრიპტოვალუტები, ხელოვნური ინტელექტი, სასაქონლო ვაჭრობა, ენერგეტიკა, კომუნიკაციები და მედია.