აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქვეყნის გარეთ გადაღებულ ფილმებზე 100%-იანი საგადასახადო ტარიფების დაწესება სურს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ის საშუალებით განაცხადა და სხვა ქვეყნები აშშ-ისთვის კინოინდუსტრიის მოპარვაში დაადანაშაულა.
„ჩვენი კინოინდუსტრია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სხვა ქვეყნებმა მოიპარეს, ისე როგორც „ბავშვს ტკბილეულს ჰპარავენ“. კალიფორნია, თავისი სუსტი და არაკომპეტენტური გუბერნატორით, განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა! ამ ხანგრძლივი და დაუსრულებელი პრობლემის მოსაგვარებლად, მე 100%-იან ტარიფს დავაწესებ ყველა იმ ფილმზე, რომელიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ იქნება წარმოებული“, – ვკითხულობთ ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
არაამერიკულ ფილმებზე ტარიფების დაწესების ინიციატივით პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ მაისში გამოვიდა. ტრამპის თქმით, ამერიკული კინოინდუსტრია „ძალიან სწრაფი სიკვდილით კვდება“, რის გამოც მან აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტსა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდა, დაეწესებინათ 100%-იანი ტარიფი ყველა ფილმზე, რომელიც აშშ-ში არ არის წარმოებული.
ტრამპს არ დაუზუსტებია, თუ როდის შევა ძალაში არაამერიკულ ფილმებზე გადასახადი. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე ამ ეტაპისთვის კომენტარი არც თეთრ სახლს და არც ამერიკულ კინოსტუდიებს არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, კინემატოგრაფისტთა ასოციაციის მონაცემებით, აშშ-ის კინოინდუსტრიამ 2023 წელს $15.3 მილიარდის სავაჭრო პროფიციტი დააფიქსირა. საერთაშორისო ბაზრებზე კი აშშ-ში წარმოებული ფილმებიდან მიღებულმა შემოსავალმა $22.6 მილიარდს მიაღწია.
კინოინდუსტრიის კვლევითი ფირმა ProdPro-ს მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიო მასშტაბით, კინოწარმოების ჰაბად რჩება. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში კინოწარმოებაზე $14.54 მილიარდი დაიხარჯა, თუმცა ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 26%-ით არის შემცირებული.