AI-ის მიერ გენერირებული ანგარიშის წარდგენისთვის, Deloitte-ი $290,000-ით დაჯარიმდა

AI-ის მიერ გენერირებული ანგარიშის წარდგენისთვის, Deloitte-ი $290,000-ით დაჯარიმდა

ავსტრალიის სასამართლომ აუდიტორულ-საკონსულტაციო ფირმა Deloitte-ი, სახელმწიფო უწყებისთვის AI-გენერირებული ანგარიშის წარდგენის გამო დააჯარიმა და მიმოხილვისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება დააკისრა. დასაქმებისა და სამსახურებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის (DEWR) განცხადებით, Deloitte-ის ანგარიშში არაერთი უზუსტობა, მათ შორის არარსებული აკადემიური კვლევითი წყაროები და ციტატებია აღმოჩენილი.

დასაქმებისა და სამსახურებრივი ურთიერთობების დეპარტამენტმა $290,000-ის ღირებულების „დამოუკიდებელი საგარანტიო მიმოხილვის“ მომზადება Deloitte-ს გასული წლის დეკემბერში დაუკვეთა. Deloitte-ის მიმოხილვის პირველი ვერსია ივლისში, ხოლო შესწორებული ვარიანტი უკვე პარასკევს, DEWR-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშში გამოგონილი წყაროებისა და ციტატების, ასევე მცდარი ფაქტების აღმოჩენის შემდეგ, Deloitte-მა 237-გვერდიან ანგარიშს გადახედა და აღიარა, რომ მიმოხილვაში მოყვანილი სქოლიოსა და მითითებების ნაწილი მცდარი იყო.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აუდიტორულ-საკონსულტაციო ფირმა კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის გადახდას დათანხმდა. Deloitte-ის განცხადებით, „საკითხი პირდაპირ კლიენტთან მოგვარდა“, თუმცა ფირმას ანგარიშში AI-ის გამოყენებაზე არაფერი უთქვამს. Deloitte-ი ანგარიშში მოყვანილი უზუსტობების ნაწილს ხელოვნური ინტელექტის „ჰალუცინაციებსაც“ უკავშირებს.

როგორც დადგინდა, ანგარიშის პირველად ვერსიაში 20-მდე ფაქტობრივი შეცდომა იყო. გამოძიების თანახმად, მიმოხილვის მომზადების პროცესში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ენობრივი სისტემა, Azure OpenAI გამოიყენეს.

აღმოჩენილი უზუსტობების მიუხედავადაც, ანგარიშის ძირითადი ნაწილი და რეკომენდაციები უცვლელი დარჩა. მიმოხილვიდან ამოღებულია ფედერალური მოსამართლის ციტატები, ასევე მითითებები არარსებულ ანგარიშებზე, რომლებიც სამართლისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის ექსპერტებს მიეწერება, თუმცა რეალურად არ არსებობს.