დიდ ბრიტანეთში თავისი მეორე ვიზიტის მიმდინარეობისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 18 სექტემბერს განაცხადა, რომ პუტინმა ის გააწბილა („let me down”). მან ასევე დაამატა, რომ ეგონა, ეს კონფლიქტი ყველაზე ადვილი მოსაგვარელი იქნებოდა რუსეთის ლიდერთან მისი წარსული ურთიერთობის გათვალისწინებით.
ტრამპი ამერიკის პირველი პრეზიდენტი არაა, ვინც პუტინმა ასე გააწბილა. ჯერ კიდევ 2000 წელს, ჯორჯ ბუშ უმცროსმა, მას შემდეგ, რაც ის რუსეთის ლიდერს შეხვდა, რეპორტიორებს განუცხადა: „მე მას თვალებში ჩავხედე და მინდა ვთქვა, რომ ის პირდაპირი და სანდომიანი კაცია“. მსგავსი სენტიმენტების გამოხატვის გარეშე, იგივე შეცდომა დაუშვა ბარაკ ობამამაც 2009 წელს, როდესაც რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკა დაიწყო. აღნიშნული პოლიტიკა, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, კრახით დასრულდა 2014 წელს, როდესაც კრემლმა „პატარა მწვანე კაცუნებით“ ყირიმის ოკუპაცია მოახდინა.
ამერიკელებზე მეტად, რუსეთთან დაკავშირებით ცრუ ილუზიები ევროპელებს ჰქონდათ, რომლებიც ყირიმის ოკუპაციის შემდეგაც ცდილობდნენ, კრემლი თამაშის ზოგად წესებზე დაეთანხმებინათ. ამის საპასუხოდ რუსეთმა ყოველ ჯერზე დაარღვია ე.წ. მინსკის შეთანხმებები და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია წამოიწყო.
მოკლედ, ისე ჩანს, რომ ყოველთვის, როდესაც დასავლეთი ცდილობს, რუსეთთან მოლაპარკებებზე წავიდეს, კრემლი ამ მოლაპარაკებებს იყენებს დროის გასაწელად და სწორი მომენტის მოსაძებნად, რომ უფრო მეტი ტერიტორია მიითვისოს და უდანაშაულო ადამიანები დახოცოს. ქვემოთ იმ ორ ძირითად მიზეზზე ვისაუბრებ, თუ რატომ ხდება ყოველ ჯერზე ასე.
იმით დავიწყებ, რომ დასავლეთს, რუსეთისგან განსხვავებით, სჯერა, რომ ორმხრივად სამართლიანი ან ორმხრივად სასარგებლო შეთანხმებების დადება შესაძლებელია. ტრამპამდე, ამერიკის პრეზიდენტებს სჯეროდათ, რომ შესაძლებელი იყო ისეთი მსოფლიო წესრიგის შექმნა, რომელშიც დიდი და მცირე ძალები ისეთ საერთო პრინციპებზე შეთანხმებოდნენ, რომლებიც ყველას თვალში სამართლიანი იქნებოდა.
ამერიკის მიერ განსაზღვრული მსოფლიო წესრიგი არ იყო იდეალური და მას თან ახლდა შიდა წინააღმდეგობები (მაგალითად, უთანხმოებები ნატოს შიგნით ერაყის მეორე ომთან დაკავშირებით). თუმცა ამ წესრიგის არქიტექტორები ფიქრობდნენ, რომ რასაც ისინი მსოფლიოს შესთავაზებდნენ, ეს მრავალმხრივად მისაღები იქნებოდა ყველასთვის – მათ შორის, რუსეთისთვისაც კი.
მართალია, ტრამპს მრავალმხრივად გაზიარებული, ე.წ. ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის იდეის აღარ სჯერა, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს სარფიანი ბიზნესგარიგებების რწმენა. ეს რწმენა კაპიტალიზმის დასავლური, ლიბერალური გაგებიდან მოდის და გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია ისეთი გარიგების (deal) დადება, რომელიც, დიდწილად, ყველა მხარისთვის მოგებიანი იქნება. ტრამპის გარდა, მსგავსი რწმენა ჰქონდათ რუსეთთან გამალებით მოვაჭრე ევროპის ქვეყნებს – პირველ რიგში, გერმანიას, შროდერისა და მერკელის კანცლერობის პერიოდში. თუმცა როგორც ტრამპისთვის, ისე გერმანელებისთვისაც განსაცვიფრებელი აღმოჩნდა ის, რომ რუსეთს თურმე ორმხრივად სარფიანი გარიგებების დადება საერთოდ არ აინტერესებს.
როგორც ჩანს, კაპიტალიზმი რუსეთში დასავლეთისგან განსხვავებული ლოგიკით მუშაობს. ის ჰგავს მე-17 საუკუნეში ევროპაში არსებულ სისტემას, რომელიც „მერკანტილიზმის“ სახელით არის ცნობილი. მერკანტილური სახელმწიფოები სხვა ქვეყნებთან იმიტომ კი არ ვაჭრობდნენ, რომ აბსოლუტური მოგება მიეღოთ, არამედ დიდწილად ფარდობითი მოგება (სხვებზე შედარებით მეტი სარგებლის დაგროვება) აინტერესებდათ. ძველი მერკანტილისტების მსგავსად, რუსეთისთვის (და ალბათ უფრო სიღრმეში თუ ჩავალთ, პირველ რიგში, ჩინეთისთვის) კაპიტალიზმი სახელმწიფო სიმდიდრის დაგროვების ინსტრუმენტია, რომელიც ეკონომიკური გზებით სხვა სახელმწიფოების დასუსტებას გულისხმობს.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ტრამპის ლოგიკა, რომ რუსეთთან „სარფიანი გარიგების“ დადებაა შესაძლებელი, თავიდანვე არასწორ საფუძვლებს ემყარებოდა. აშშ-ის პრეზიდენტი ბიზნესის წარმოებისა და, უფრო ფართოდ, კაპიტალიზმის ლიბერალური გაგებიდან ამოდის, მაშინ როდესაც რუსეთი უფრო ადრეული, მერკანტილიზმის მსგავსი შეხედულებებით ხელმძღვანელობს. ეს ორი პერსპექტივა კი იმთავითვე შეუთავსებელია ერთმანეთთან.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ტრამპისა და დასავლეთის მცდელობები რუსეთთან ყოველ ჯერზე კრახით სრულდება, ისაა, რომ ნატოს ქვეყნები რუსეთს აძლევენ იმის საშუალებას, რომ პირობები თავად წამოაყენოს, წითელ ხაზებს კი მხოლოდ საკუთარ თავს უწესებენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკვე არაერთხელ ისაუბრა, მაგრამ დასავლეთის საგარეო პოლიტიკა, დიდწილად, უცვლელი დარჩა.
იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი კონტრპროდუქტიულია დასავლეთის ცალმხრივი „მორალიზმი“, ავიღოთ რუსეთის მხარეს საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეის მიერ თავისი ჯარისკაცების გაგზავნის შემთხვევა. „ნატო“ აღიარებს, რომ რუსეთის არმიაში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები იბრძვიან, თუმცა ამის საპირისპიროდ ვერაფერს აკეთებს. გამოდის, რომ ამ ლოგიკით რუსეთს, რომელსაც ადამიანური რესურსების პრობლემა ნაკლებად აქვს, მუდმივად შეუძლია თავისი არმიის რიგები უცხო ქვეყნის რეგულარული არმიის მოსამსახურეებით შეავსოს, უკრაინას კი ამის უფლება არა აქვს.
მსგავსი არათანაბარი ლოგიკით ვითარდება რუსეთის მხრიდან „ნატოს“ საზღვრის კვეთის ბოლოდროინდელი ინციდენტები. ჯერ რუსულმა დრონებმა პოლონეთის სახელმწიფო საზღვარი მინიმუმ ორჯერ გადაკვეთეს, შემდეგ კი რუსული ავიაგამანადგურებლები ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. კრემლის მტკიცებით, ყოველ ჯერზე ეს „შემთხვევით მოხდა“. ორივე შემთხვევაში, დასავლეთი ძირითადად თავის დაცვის რეჟიმში დგას და თავად მსგავსი პროვოკაციების გამეორებას თეორიულადაც კი არ უშვებს.
დასავლური პერსპექტივიდან, რუსეთის მიერ პოლონეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეებში მოწყობილი მსგავსი პროვოკაციები ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ბირთვულ სახელმწიფოებს შორის სრულმასშტაბიან კონფლიქტში. ამის საპირისპიროდ, რუსეთს ჰიპოთეზური აპოკალიფსური სცენარები შედარებით ნაკლებად ადარდებს; მას უფრო მეტად ის აინტერესებს, თუ რამდენად შორს შეუძლია შეტოპვა, თუნდაც ეს ცეცხლთან თამაშს უდრიდეს. რაც უფრო მეტის უფლებას მისცემენ კრემლს, ცხადია, ის მაქსიმალურად მოგებული გამოვა ამ დაპირისპირებიდან.
რომ შევაჯამოთ, პოლიტიკისა და ბიზნესის წარმოების დასავლური და რუსული ლოგიკა ამჟამად იმდენად არის აცდენილი ერთმანეთს, რომ ამ პირობებში, უკრაინის ომის დასრულება შორეულ პერსპექტივად მოჩანს. ცხადია, 100%-ით რამის წინასწარმეტყველება ძალიან ძნელია (და რუსეთის შიდა ეკონომიკური პრობლემები, ისე როგორც მის მიერ მოწყობილი სამხედრო პროვოკაციები ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს ბევრად სერიოზულ კრიზისში), მაგრამ მსოფლმხედველობითი აცდენები დაპირისპირებულ მხარეებს შორის იმდენად ღრმაა, რომ, როგორც ჩანს, მეტ-ნაკლებად წარმატებულ მშვიდობიან მოლაპარაკებამდე დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიდი გზაა დარჩენილი.
ამასობაში, უკრაინა ძალიან უთანასწორო ბრძოლაშია ჩართული რუსი დამპყრობლის წინააღმდეგ. თუ ის ამ ბრძოლაში დამარცხდება, ეს ევროპის გეოპოლიტიკურ რუკას ფუნდამენტურ დონეზე შეცვლის. უკრაინის შეერთებით რუსეთს გაუჩნდება იმის ილუზია, რომ კიდევ უფრო მეტის წაღება შეუძლია (რადგან ეს იქნება იმის საბოლოო დასტური, რომ ბიზნესისა და პოლიტიკის წარმოების მისი მეთოდები მუშაობს), რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის მსოფლიო მშვიდობას.










