ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილზეა

100-lari

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილზეა 188 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

15 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც ერთ მოსახელზე საშუალო წლიურ შემოსავალსაც მოიცავს.

ქვეყანაში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. როდესაც მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ერთ მოსახლეზე შემოსავლის შედარებაა, ამ დროს ყველაზე მართებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მშპ-ის გამოყენებაა. PPP-ს მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან, ზოგადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ფასები უფრო დაბალია, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. მაგალითად, საქართველოში 1,000 დოლარის ყოველთვიური შემოსავლით გაცილებით უკეთ იცხოვრებ, ვიდრე აშშ-ში. სავალუტო ფონდის ბოლო კვლევით, საქართველოში დახარჯულ 1 აშშ დოლარს 3-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს, ვიდრე აშშ-ში დახარჯულ 1 დოლარს.

საქართველო ერთ მოსახლეზე შემოსავლის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით 2025 წელს საქართველო 70-ე ადგილზეა 188 ქვეყანას შორის. 2025 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 31,090 PPP დოლარს მიაღწევს.

2024 წელსაც საქართველო რეიტინგში 71-ე ადგილზე იყო 28,299 PPP დოლარით. 2023 წელს კი 74-ე ადგილზე იყო 24,952 დოლარით.

PPP დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე საქართველოში, ინფლაციაზე აშშ-ში და ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე. როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს შესაბამისი დონის ინფლაცია, ერთ მოსახლეზე შემოსავალი PPP დოლარში იზრდება. 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა, 2025-ში კი მინიმუმ 7%-ით გაიზრდება. ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის ზრდის მთავარი მიზეზი ეკონომიკური ზრდაა.

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი საქართველოში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, სადაც მოსახლეობის შემოსავალი ყველაზე მაღალია

სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2025 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ყველაზე მაღალი სინგაპურშია – 156,969 PPP დოლარი. მეორე ადგილზე კი ლუქსემბურგია 152,395 PPP დოლარით. 2025 წელს სინგაპურის ეკონომიკა 2.5%-ით გაიზრდება, ლუქსემბურგის ეკონომიკა კი 1.7%-ით. რეიტინგში მესამე ადგილზე ირლანდიაა, სადაც ერთ ადამიანს წელიწადში საშუალოდ 147,878 PPP დოლარის შემოსავალი აქვს.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მდიდარი რუსეთია, ერთ მოსახლეზე 49,000 PPP დოლარით (43-ე ადგილი მსოფლიოში). შემდეგ თურქეთი მოდის 43,800 PPP დოლარით (50-ე ადგილი მსოფლიოში). აზერბაიჯანში (26,081 PPP დოლარი, 75-ე ადგილი) და სომხეთში (23,954 PPP დოლარი, 78-ე ადგილი) ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი საქართველოზე ნაკლებია.

ყველაზე ღარიბი ქვეყანა სამხრეთი სუდანია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 954 PPP დოლარია. შემდეგ მოდის ბურუნდი 989 PPP დოლარით და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1,369 PPP დოლარით.

ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის მიხედვით, 2025 წელი

 ქვეყანაPPP დოლარი
1სინგაპური156,969
2ლუქსემბურგი152,395
3ირლანდია147,878
4კატარი122,283
5ნორვეგია106,694
6შვეიცარია97,659
7ბრუნეი94,472
8გაიანა94,189
9აშშ89,599
10დანია84,763

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა