Tesla-ს აქციების ფასი სამშაბათს ბაზრების გახსნის შემდეგ 3.7%-ით შემცირდა. აქციების გაუფასურება ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდის განცხადებას მოჰყვა, რომელიც ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში 1.14%-იან წილს ფლობს. მისი განაცხადებით, ხუთშაბათს, ხმას Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ანაზღაურების $1-მილიარდიანი პაკეტის წინააღმდეგ მისცემს.
Tesla-ს აქციონერთა ყოველწლიური კრება 6 ნოემბერს გაიმართება, სადაც კომპანიის უმსხვილესი აქციონერები მასკის – კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერის – ანაზღაურების გეგმას მისცემენ ხმას. ანაზღაურების პაკეტის პოტენციური ღირებულება შესაძლოა 1 ტრილიონი დოლარი იყოს, თუ კომპანია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კონკრეტულ მაჩვენებლებს დააკმაყოფილებს.
კერძოდ კი, ილონ მასკი ანაზღაურების $1-მილიარდიან პაკეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სექტემბრის SEC-ში წარდგენილ ამბიციურ მიზნებს მიაღწევს, მათ შორის 12 მილიონი დამატებითი ელექტრომობილის გაყიდვას და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის $8.5 ტრილიონამდე გაზრდას. ცნობისთვის, ამჟამად Tesla-ს ღირებულება $1.39 ტრილიონს უტოლდება.
ამჟამად მასკს Tesla-ში დაახლოებით 12%-იანი წილი ეკუთვნის და თუ ხუთშაბათს ანაზღაურების პაკეტი დამტკიცდება, ეს წილი შესაძლოა 25%-მდე გაიზარდოს, რაც მის მიერ 2024 წელს კომპანიაზე გავლენის გაზრდის შესახებ წამოყენებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
Tesla-ს თავმჯდომარემ, რობინ დენჰოლმმა, აქციონერებს განუცხადა, რომ ეს პაკეტი მასკის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მისივე თქმით, თუ მასკი შედეგების მიღწევისთვის მოტივაციას არ მიიღებს, შესაძლოა მან აღმასრულებელი თანამდებობა დათმოს და Tesla-მ დაკარგოს დრო, ტალანტი და ხედვა, აქციონერების შემოსავლებზე უარყოფითად აისახება.












