გუშინ ევროკომისიამ ერევანში სომხეთის ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, იგი ასახავს ტექნიკურ და პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც სომხეთმა თავისი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების ხელშესაწყობად უნდა შეასრულოს.
„სამოქმედო გეგმა გადაადგილების თავისუფლებაზე მეტია. სომხეთის რეფორმები ხელს უწყობს ევროკავშირის უსაფრთხოების გაძლიერებას – ჩვენი საზღვრების მიღმა. მკაფიო და რეგულირებული მობილურობა აადვილებს ლეგალურ მოგზაურობას და ხელს უწყობს არალეგალური მიგრაციის პრევენციას,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა.
ევროკომისიის განცხადებით, გეგმა ხელს შეუწყობს რეფორმებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრისა და მიგრაციის მართვა, საზოგადოებრივი წესრიგი, საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებების საკითხები. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკომისია რეგულარულად შეაფასებს სომხეთის პროგრესს, რათა დაადასტუროს სამოქმედო გეგმაში დადგენილი კრიტერიუმების თანმიმდევრული და ეფექტიანი განხორციელება, მათ შორის რეგულარული ანგარიშების მეშვეობით.
შეგახსენებთ, ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. როგორც კი სომხეთი შეასრულებს სამოქმედო გეგმაში ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს, ვიზალიბერალიზაციის დიალოგი წარმატებით დასრულებულად ჩაითვლება. ეს სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღეზე ნაკლები ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში) მოგზაურობას გაამარტივებს და ნაკლებად ხარჯიანს გახდის. აღსანიშნავია, რომ სომხეთის მოქალაქეები უკვე სარგებლობენ ევროკავშირთან ვიზების გაცემის გამარტივების შეთანხმების უპირატესობებით, რომელიც 2014 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.









