„შათდაუნის“ დასრულების მოლოდინით, 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება $40 მლრდ-ით გაიზარდა

„შათდაუნის“ დასრულების მოლოდინით, 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება $40 მლრდ-ით გაიზარდა

აშშ-ის სენატმა, 60 ხმით 40-ის წინააღმდეგ, ფედერალური მთავრობის ფუნქციონირების გაგრძელებისთვის აუცილებელ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. სენატის მიერ კანონპროექტის მიღებას, რომელსაც ახლა საბოლოო დამტკიცებისთვის კონგრესის თანხმობა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა.

ორშაბათს შუადღისას, სენატის კენჭისყრის შემდეგ, Dow Jones-ის ინდექსი 237 პუნქტით (0.5%) გაიზარდა, ხოლო S&P 500-მა 1.2%-ით მოიმატა. რაც შეეხება ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთულ Nasdaq-ს, საფონდო ინდექის 2.01%-იანი ზრდა ძირითადად Nvidia-ს აქციების ღირებულების მატების დამსახურება იყო. ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებლის აქციების ღირებულება 4.4%-ით, $196-მდე გაიზარდა, რამაც ასევე ხელი შეუწყო Alphabet-ის C კლასის აქციების (3.2%), Tesla-ს (4.3%), Meta-ს (2%) და Palantir-ის (8.4%) აქციების ფასის მატებას.

Nvidia-მ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია Dow Jones-ის ინდექსის შემთხვევაშიც. Nvidia-სთან ერთად, Dow Jones-ის ინდუსტრიულ საშუალო ინდექსზე დადებითად იმოქმედა ისეთი მსხვილი კომპანიების აქციების ღირებულების ზრდამაც, როგორებიცაა Amazon-ი (1.6%), Cisco (0.9%), Apple-ი (0.5%), Goldman Sachs-ი (1.2%) და JPMorgan Chase-ი (1%)

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, სენატში „შათდაუნის“ გამომწვევ კანონპროექტზე კენჭისყრის შემდეგ, მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანის ქონება კოლექტიურად $40 მილიარდით გაიზარდა. კერძოდ, Tesla-ს აქციების ღირებულების გავლენით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონებას $10.1 მილიარდი შეემატა და $492.3 მილიარდს მიაღწია. Forbes-ის ათეულის სხვა წევრების შემთხვევაში კი ორშაბათის მატება ასე გამოიყურება:

რეიტინგიზრდაქონების ღირებულება
 1ილონ მასკი (Tesla)+$10.1 მილიარდი$492.3 მილიარდი
 2ლარი ელისონი (Oracle)+$2.8 მილიარდი$296.4 მილიარდი
3ჯეფ ბეზოსი (Amazon)+$1.9 მილიარდი$256.4 მილიარდი
4ლარი პეიჯი (Google)+$5.7 მილიარდი$236 მილიარდი
5სერგეი ბრინი (Google)+$5.2 მილიარდი$218.9 მილიარდი
6მარკ ცუკერბერგი (Meta)+$3.8 მილიარდი$217.1 მილიარდი
7ბერნარ არნო (LVMH)+$4.1 მილიარდი$184.2 მილიარდი
8იენსენ ჰუანგი (Nvidia)+$6.1 მილიარდი$169.5 მილიარდი
9სტივ ბალმერი (Microsoft)+$0.8 მილიარდი$151.5 მილიარდი
10უორენ ბაფეტი (Berkshire Hathaway)+$0.3 მილიარდი$149.4 მილიარდი