ხანდახან ყველაზე დიდი ცვლილებები მოულოდნელად იწყება. შთაგონება კი შეიძლება ნებისმიერ დროსა და ადგილას გეწვიოს. ნინო თორღვაიძის შემთხვევაშიც ასე მოხდა, შთაგონებამ იგი თუშეთში საკუთარი საქმის წამოწყების იდეამდე მიიყვანა. ასე დაიბადა PANORAMA DARTLO – სივრცე, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან, კულტურასთან და ტრადიციებთან აკავშირებს.
ნინო საქართველოს ბანკის, UNDP-ის, შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ერთობლივი პროექტის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მონაწილეა და ამ სტატიაში საკუთარი იდეისა და საქმის შესახებ გვიამბობს.
“ჩემი იდეა სპონტანური იყო, ერთ-ერთ საგრანტო კონკურსში მივიღე მონაწილეობა. არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ მქონდა და მოულოდნელად გავიმარჯვე. ამან მომცა მოტივაცია, შემექმნა გარემო, რომელიც ჩემს ხედვას და იდეებს გამოხატავდა და ბუნებას დაუკავშირდებოდა. გადავწყვიტე, თუშეთის ძველი სახლი გარდამექმნა გარემოდ, რომელიც კომფორტულობასა და ავთენტურობას გააერთიანებდა, პანორამა დართლოში ყველაფერი მწვანე ტექნოლოგიებით და დიდი სიყვარულითაა შექმნილი.”
თუშეთის სილამაზე და მიუწვდომლობა უამრავ მოგზაურს იზიდავს, ნინოს კი სურდა, რომ პანორამა დართლოში ამ უნიკალური ადგილის უძველესი ტრადიციები შეენარჩუნებინა და, ამავე დროს, სტუმრებისთვის თანამედროვე კომფორტიც შეექმნა:
“ნაბიჯ-ნაბიჯ, საყვარელი ადამიანების დახმარებით, იდეის რეალობად გადაქცევა შესაძლებელია. ჩემთვის მიღწევაა, როდესაც ვხედავ აქ მოსული ადამიანების აღფრთოვანებას, რომლებიც ბედნიერი მოგონებებითა და ემოციებით ბრუნდებიან უკან”.
ქალი მეწარმეების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში, 2022 წლიდან მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა მიმდინარეობს. მასშტაბურმა ინიციატივამ 300-მდე ქალს მისცა შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა, მხარდაჭერა და დაფინანსება, რათა საკუთარი იდეები წარმატებულ საქმედ აქციონ.
ნინოს მიზანი პროგრამაში მონაწილეობისას პროფესიული უნარების გაძლიერება, ბიზნესის განვითარებისთვის თანამედროვე ცოდნის შეძენა და სხვა წარმატებული, საინტერესო ქალი მეწარმეების გაცნობა იყო:
“ასეთი პროგრამები ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცოდნა და მხარდაჭერა გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ იდეები რეალობად ვაქციოთ. მთავარი არის ის პირველი ნაბიჯი, დაწყება, დანარჩენი ნელ-ნელა ისწავლება”
ნინო მაგალითია იმისა, რომ მიზანდასახულ, ჟინიან ადამიანს დაბრკოლებები ვერ აჩერებს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთულია გზა, იდეა სპონტანურია თუ დიდი ხნის ნაფიქრი – მთავარია, გამბედაობა, ადაპტირება და მუდმივი განვითარების სურვილი.
საქართველოს ბანკი, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უწყობს ხელს განათლების ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვან ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
S














