Rivian-ის აქციების ფასი მიმდინარე კვირაში 18%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ელექტრომობილების მწარმოებელმა მოსალოდნელზე უკეთესი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა და კომპანიამ აღმასრულებელი დირექტორისა და დამფუძნებლის, რ. ჯ. სკარინჯის, მრავალმილიარდიანი ანაზღაურების პაკეტი დაამტკიცა, რომლის ღირებულებამაც შესაძლოა 4.6 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
მხოლოდ სამშაბათს Rivian-ის აქციების ფასი 9.6%-ით გაიზარდა და 17.99 დოლარამდე მიაღწია. შედარებისთვის, გასული კვირის ბოლოს აქციები 15.23-დოლარიან ნიშნულზე დაიხურა, რაც მიმდინარე კვირაში 18.1%-იან ზრდას გულისხმობს. ამასთან, ნოემბრის დასაწყისში დაფიქსირებული 12.39-დოლარიანი მინიმუმიდან აქციების ფასი 45%-ით არის გაზრდილი.
კომპანიის აქციების მკვეთრი აღმავლობა 5 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც Rivian-მა მესამე კვარტლის შემოსავლები და ზარალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კომპანიის შემოსავალმა $1.56 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $1.49 მილიარდს აღემატება. აქციაზე ზარალი 65 ცენტს შეადგენდა, რაც ასევე უკეთესია მოსალოდნელ 72-ცენტიან ზარალზე.
Rivian-მა $167-მილიონი მოგების ზრდა დააფიქსირა Volkswagen-თან ერთობლივი საწარმოს მეშვეობით, რომელიც მისთვის შემოსავლის ახალ წყაროდ იქცა. გერმანულმა გიგანტმა გასულ წელს განაცხადა, რომ $5.8 მილიარდზე მეტს ჩადებს ამერიკულ სტარტაპში, რათა მისი პროგრამული უზრუნველყოფა ახალი თაობის ელექტროავტომობილებისთვის გამოიყენოს.
გარდა ამისა, Rivian-მა პარასკევს რ. ჯ. სკარინჯის ახალი ანაზღაურების პაკეტის შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც მისი საბაზისო ხელფასი გაორმაგდება და 2 მილიონ დოლარს მიაღწევს, ხოლო დამატებით მას Rivian-ის 36.5 მილიონი აქციის შესყიდვის უფლებაც მიენიჭა.
ანაზღაურების სრული პაკეტით სარგებლობისთვის წინაპირობა კომპანიის აქციების ფასის ზრდაა. მიზნობრივი დიაპაზონი კი 40-დან 140 დოლარამდე განისაზღვრა. ცნობისთვის, წინა გეგმაში მოთხოვნა აქციების ფასის 110-295 დოლარამდე გაზრდა იყო. ახალ გეგმაში, მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, ოპერაციული მოგებისა და ფულადი ნაკადების ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლებიც არის გათვალისწინებული.
თუ Rivian-ი ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს, სკარინჯის ანაზღაურების პაკეტი 4.6 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო აქციონერები დაახლოებით 153 მილიარდ დოლარის ზრდას მიიღებენ.
Rivian-ის აქციების ფასმა ისტორიული მაქსიმუმი, $179.47, 2021 წლის ნოემბერში დააფიქსირა, როცა კომპანია IPO-ს შემდეგ ბაზარზე გამოჩნდა. თუმცა 2024 წლის აპრილში ფასი 8.26 დოლარამდე დაეცა, რაც პიკთან შედარებით თითქმის 95%-იანი ვარდნაა. ბოლო წლების დაღმასვლა გაყიდვების სუსტ მაჩვენებლებითა და ნაწილების დეფიციტით იყო გამოწვეული.
სკარინჯმა გასულ თვეში Forbes-ს განუცხადა, რომ ახალი მოდელი, $45,000-იანი ელექტრო SUV, კომპანიას Tesla-სთან კონკურენციაში დააბრუნებს. Rivian-ს ილინოისის ქარხანაში წლიურად R2 მოდელის 160,000 ერთეულის წარმოების შესაძლებლობა ექნება.
შეგახსენებთ, Tesla-ს აქციონერებმა გასულ კვირას ილონ მასკის ანაზღაურების პაკეტი დაამტკიცეს, რომლის ღირებულებაც თითქმის 1 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ბევრმა ინვესტორმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, თუმცა Tesla-ს დირექტორთა საბჭოს თქმით, მსგავსი შეთანხმება აუცილებელია, რათა მასკი კომპანიაში დარჩეს და მისი მოტივაცია გაიზარდოს.










