ელექტრომობილების გლობალური ბაზარი სწრაფად იზრდება. 2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში EV-ების გაყიდვებმა 12.8 მილიონ ერთეულს მიაღწია. სექტორში განსაკუთრებით შესამჩნევია ჩინური ავტომწარმოებლების დაწინაურება, რაც მათი საერთაშორისო ექსპანსიითა და ხელმისაწვდომი მოდელების პოპულარობით აიხსნება.
SNE Research-ის 2025 წლის მონაცემებით, ელექტრომობილების ბაზრის ლიდერი კვლავ ჩინური BYD-ა, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 2.6 მილიონი EV გაყიდა და მსოფლიო ბაზრის 19.9% დაიკავა. კომპანია აქტიურად ოპერირებს არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ ისეთ სწრაფად მზარდ ბაზრებზე როგორიც ევროპის რეგიონი, ბრაზილია და მექსიკაა. განსაკუთრებული წინსვლა აღინიშნა დიდ ბრიტანეთში, სადაც BYD-ის ელექტრომობილების გაყიდვები ერთ წელიწადში 880%-ით გაიზარდა.
მეორე ადგილზე ასევე ჩინური გიგანტი Geely იმყოფება, 1.3 მილიონი ელექტრომობილითა და 68%-იანი წლიური ზრდით. კომპანია უკვე 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. წლევანდელი ექსპანსია კი ავსტრალიას, საბერძნეთსა და ვიეტნამს მოიცავს.
Tesla, რომელიც წლების განმავლობაში EV-ბაზრის მთავარი მოთამაშე იყო, 2025 წელს მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. მისი გაყიდვები წლიურ ჭრილში 11%-ით, 985 ათასამდე შემცირდა, ხოლო აშშ-ში კომპანიის ბაზრის წილი ისტორიულ მინიმუმზე, 38%-მდე ჩამოვიდა. შედარებისთვის, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 80%-ს უახლოვდებოდა.
ელექტრომობილების გლობალური ბაზრის წილის მიხედვით კომპანიების პირველ ათეულში ასევე შედის: Volkswagen-ი, SAIC, Changan-ი, Hyundai-Kia, Chery, BMW და Stellantis-ი.
აღსანიშნავია, რომ ხუთი წამყვანი ჩინური ავტომწარმოებელი, საერთო ჯამში, მსოფლიო EV-ბაზრის 43%-ს აკონტროლებს, რაც ინდუსტრიაში ჩინეთის დომინაციაზე მიანიშნებს.
| ავტომწარმოებელი | ქვეყანა | გაყიდვები (იანვარი–აგვისტო 2025) | წლიური ზრდა | ბაზრის წილი |
|---|---|---|---|---|
| BYD | ჩინეთი | 2.6 მლნ | 14% | 19.9% |
| Geely | ჩინეთი | 1.3 მლნ | 68% | 10.2% |
| Tesla | აშშ | 985 ათასი | -11% | 7.7% |
| Volkswagen | გერმანია | 854 ათასი | 42% | 6.7% |
| SAIC | ჩინეთი | 720 ათასი | 28% | 5.6% |
| Changan | ჩინეთი | 563 ათასი | 49% | 4.4% |
| Hyundai & Kia | სამხრეთი კორეა | 416 ათასი | 13% | 3.2% |
| Chery | ჩინეთი | 395 ათასი | 63% | 3.1% |
| BMW | გერმანია | 389 ათასი | 18% | 3.0% |
| Stellantis | ნიდერლანდები | 342 ათასი | 3% | 2.7% |
| სხვები | — | 4.3 მლნ | 39% | 33.5% |
| სულ | გლობალურად | 12.8 მლნ | 28% | 100% |








