უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ და საბერძნეთმა გაზის მიწოდებისთვის ახალი მარშრუტი შეათანხმეს. გარდა ამისა, მხარეები ბუნებრივი აირის იმპორტის დაფინანსებაზეც შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია The Kyiv Independent-მა გაავრცელა.
„დღეისათვის მზად გვაქვს შეთანხმება უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე. ეს იქნება კიდევ ერთი მარშრუტი, რომელიც ზამთრის პერიოდში იმპორტის გზების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევსა და ათენს შორის მიღწეულია გაზის იმპორტის დაფინანსებაზე შეთანხმებაც. იგი გულისხმობს თითქმის 2 მილიარდი ევროს მობილიზებას, რომელიც უკრაინას რუსეთის თავდასხმებით გამოწვეული დანაკარგების ანაზღაურებისთვის სჭირდება.
ზელენსკის თქმით, უკრაინის მთავრობა, ევროპელი პარტნიორები და ევროპული ბანკები იმპორტის დაფინანსებაზე ერთობლივად მუშაობენ. ევროკომისია, ნორვეგია, უკრაინული ბანკები და აშშ ასევე მუშაობენ უკრაინის ენერგეტიკული საჭიროებების დაფინანსების უზრუნველსაყოფად.
პარალელურად, უკრაინა პოლონელ პარტნიორებთან ერთად აზერბაიჯანთან გრძელვადიანი კონტრაქტის დასადებად ემზადება.
საბერძნეთში ვიზიტის შემდეგ ზელენსკი საფრანგეთს ეწვევა, სადაც დღეს, 17 ნოემბერს თავდაცვის სფეროში შეთანხმებაზე მოლაპარაკება გაიმართება. ამის შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტი ესპანეთში გაემგზავრება. ზელენსკის თქმით, საფრანგეთთან შეთანხმება უკრაინის საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო ავიაციას „მნიშვნელოვნად გააძლიერებს“.
რაც შეეხება საბერძნეთთან მიღწეულ შეთანხმებას, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინული ქალაქებისა და ენერგოინფრასტრუქტურის მასობრივ დაბომბვებს განაგრძობს, რათა ზამთრის წინ ქვეყნის ენერგოსისტემა პარალიზებულ მდგომარეობაში ჩააყენოს.
გაზისა და გათბობის ინფრასტრუქტურაზე მზარდი თავდასხმების ფონზე, მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინამ მასშტაბური შეტევები მიიღო, რომლებმაც კრიტიკული ობიექტები დააზიანა და ელექტრომომარაგების კუთხით შეფერხებები გამოიწვია.
ენერგოკრიზისს ისიც ამწვავებს, რომ ცოტა ხნის წინ, უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მონაწილეობით კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო, რომელიც სახელმწიფო ენერგოკომპანიების კონტრაქტებიდან უკანონო სარგებლის მიღების ფაქტებს სწავლობს. 15 ნოემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სახელმწიფო ენერგოკომპანიების სრულ რეფორმას იწყებს, რომელიც ხელმძღვანელების ცვლილებასა და ყოვლისმომცველ ფინანსურ აუდიტებს მოიცავს.










