საქართველოში ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი, „ემბავუდი“ ადგილობრივ ბაზარზე წარმატებული ოპერირების 18 წელს აღნიშნავს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ცვლილებების ფეხის აწყობა, ხარისხის სტანდარტების ამაღლება და მომხმარებელთან ძლიერი ემოციური კავშირის შენარჩუნება შეძლო. როგორ ჩამოყალიბდა „ემბავუდის“ მრავალწლიანი სტაბილურობის ფორმულა – ამაზე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ინარა მამედოვა გვესაუბრა.
ავტორი: იზა გვარამაძე
„ემბავუდი“ საქართველოში ოპერირების 18 წელს აღნიშნავს. როგორ დაიწყო ეს გზა? როგორ დაიბადა ქართულ ბაზარზე ბრენდის შემოსვლის იდეა?
„ემბავუდი“, როგორც ბრენდი, 1998 წელს დაარსდა, თუმცა საქართველოში საცალო ქსელის განვითარება 18 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ წარმოებით იყო დაკავებული და ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილება მომხმარებლის მზარდმა ინტერესმა განაპირობა. იდეა იყო მარტივი – ქართულ ბაზარს ჰქონოდა ხარისხიანი, თანამედროვე და ხელმისაწვდომი ავეჯი, რომელიც პრაქტიკულიც იქნებოდა და მომხმარებლის ესთეტიკურ მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებდა.
როგორ მიიღო ახალი ბრენდი ქართველმა მომხმარებელმა? რა გამოწვევების გადალახვა მოგიწიათ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად?
2007 წელს, პირველი მაღაზიის გახსნისთანავე „ემბავუდმა“, მომხმარებელთა დიდი ყურადღება მიიპყრო – მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ კომპანია მხოლოდ ერთი ობიექტით არ შემოიფარგლა და თბილისში ექვსი ფილიალი მალევე გახსნა. თუმცა გზაზე არაერთი გამოწვევა იყო: რეგიონში მიმდინარე ომები, ინფლაცია, ეკონომიკური არასტაბილურობა და განსაკუთრებით – კოვიდპანდემია, რომელმაც საცალო ვაჭრობის ფორმატი მთლიანად შეცვალა.
პანდემიის პერიოდში მაღაზიების დროებითი დახურვა მძიმე გამოცდა აღმოჩნდა, თუმცა კომპანია სწრაფად ადაპტირდა, ონლაინვაჭრობის ფორმატზე გადაერთო და მომხმარებელთა შენარჩუნება შეძლო. პოსტკოვიდურ პერიოდში გამოწვევად იქცა რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან მასალების იმპორტი, თუმცა „ემბავუდმა“ ეს ბარიერებიც წარმატებით გადალახა.
როგორ შეიცვალა კომპანიის სტრუქტურა და სტრატეგია წლების განმავლობაში? სად ხედავთ ყველაზე დიდ პროგრესს ამ პერიოდში? როგორია ქართულ ბაზარზე კომპანიის 18-წლიანი ისტორიის შედეგები?
კომპანიის სტრუქტურა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა. თავდაპირველად, კომერციული გაყიდვები და წარმოება დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა. თუ ადრე „ემბავუდი“ მხოლოდ წარმოებით იყო დაკავებული და თბილისში საკუთარი მაღაზიები არ ჰქონდა, დღეს მას ქვეყნის მასშტაბით 7 სადილერო და 18 მაღაზია აქვს გახსნილი.
ყველაზე დიდი პროგრესი კი კომპანიის ადამიანურ პოლიტიკაშია: „ემბავუდისთვის“ თანამშრომლის კმაყოფილება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც – მომხმარებლის. რთულ პერიოდებშიც კი კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს გუნდზე და მის კეთილდღეობაზე, რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხზეც აისახება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიის დაბადების დღეს, ჩვენს თითქმის 80 თანამშრომელს გადაეცემა სერტიფიკატი, ერთგულებისა და გაწეული შრომისათვის, რადგან 12 წელზე მეტია, „ემბავუდის“ სტანდარტებს არ ღალატობენ.
თქვენი დაკვირვებით, როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა ბოლო წლებში? რაზე აკეთებენ ისინი აქცენტს ავეჯის შერჩევისას?
ბოლო წლებში მომხმარებელი უფრო მეტად აქცევს ყურადღებას ხარისხსა და დიზაინის მრავალფეროვნებას. ადრე პრიორიტეტული მხოლოდ ფასი იყო, დღეს კი მომხმარებლები ეძებენ ავეჯს, რომელიც იქნება გამძლე, ფუნქციური და ესთეტიკურად დახვეწილი.
ასევე გაიზარდა მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა მასალებზე და თანამედროვე დიზაინის მოდელებზე, რაც „ემბავუდის“ პროდუქციაზეც მკაფიოდ აისახება.
რა არის ძირითადი გამოწვევები „ემბავუდისთვის“ ამ ეტაპზე?
ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბაზარზე ახალი კომპანიების გამოჩენაა, რომლებიც ინსპირაციას „ემბავუდში“ არსებული მოდელებისგან იღებენ. მიუხედავად ამისა, „ემბავუდი“ განაგრძობს ინოვაციურ მიდგომებზე მუშაობას, რათა მომხმარებელმა ყოველთვის მარტივად ამოიცნოს მისი ავეჯი.
როგორ ახერხებთ ბალანსის დაცვას ხელმისაწვდომ ფასსა და მაღალ ხარისხს შორის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნედლეულის ფასები მუდმივად იცვლება?
„ემბავუდის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ წარმოების მასშტაბია – მას შეუძლია სხვადასხვა მოდელითა და სერიის პროდუქტით ყველა ბიუჯეტზე მორგება. კომპანია მუშაობს პრინციპით, რომ მოგებაზე მეტად მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება.
„ემბავუდი“ ამ დროისათვის აწარმოებს ავეჯს, რომელიც ხელმისაწვდომია მომხმარებლის ნებისმიერი სეგმენტისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არსებობს პრემიუმ+ ხარისხის ავეჯის ხაზიც, რაც „ემბავუდს“ კიდევ უფრო ღირებულს ხდის. ეს მიდგომა მომხმარებელს არჩევანის უფრო ფართო სპექტრს სთავაზობს.
როგორია კონკურენციის დონე ქართულ ავეჯის ბაზარზე და როგორ ინარჩუნებს კომპანია მოწინავე პოზიციას?
ქართულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, თუმცა „ემბავუდი“ ლიდერ პოზიციას ხარისხისა და ფასის ოპტიმალური ბალანსით ინარჩუნებს.
კომპანიის მთავარი კონკურენტი თავად „ემბავუდია“ – მუდმივი თვითგანვითარება, დიზაინის განახლება და მომსახურების გაუმჯობესება ის პრინციპებია, რომლებიც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყოს.
ბოლოს, წარმოებაში გარემოსდაცვითი სტანდარტები დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება – როგორ პასუხობს „ემბავუდი“ ამ გამოწვევას?
„ემბავუდი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიურ სტანდარტებს. წარმოებაში გამოიყენება უსაფრთხო, სერტიფიცირებული მასალები, რომლებიც გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს.
კომპანია რეგულარულად გადის ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო შემოწმებებს, რაც მომხმარებელს აძლევს მყარ გარანტიას, რომ თითოეული პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე.
S











