ბანგლადეშის ყოფილ პრემიერს სტუდენტების დარბევისთვის სიკვდილი მიუსაჯეს

ბანგლადეშის ყოფილ პრემიერს სტუდენტების დარბევისთვის სიკვდილი მიუსაჯეს

ბანგლადეშის ომის დანაშაულების სასამართლომ ქვეყნის გადაყენებულ პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას სიკვდილი მიუსაჯა, რითაც რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესი დაასრულა. სასამართლოს გადაწყვეტილება სტუდენტური პროტესტის ძალადობრივ ჩახშობას უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში გასული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

განაჩენი ორთვიანი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, დღეს გამოცხადდა, თუმცა ჰასინა მას არ დასწრებია. შეგახსენებთ, ბანგლადეშის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის აგვისტოში თავი ინდოეთს შეაფარა, მას შემდეგ, რაც მასობრივი დემონსტრაციებისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლება დაკარგა.

ჰასინას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ხოლო საპროტესტო გამოსვლების დროს რამდენიმე ადამიანის მკვლელობისთვის – სიკვდილით დასჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც თებერვლის დასაწყისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იქნა მიღებული, დარბაზში ტაშით შეხვდნენ.

ჰასინას ოჯახი აცხადებს, რომ განაჩენის გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეუძლიათ, თუმცა მისი შვილი და მრჩეველი, საჯიბ ვაზედი, Reuters-ს ეუბნება, რომ აპელაციას მხოლოდ მაშინ შეიტანენ, თუ ქვეყანაში დემოკრატიული ხელისუფლება დაბრუნდება და პროცესში მათი პარტია, Awami League-ი, მიიღებს მონაწილეობას.