ბოლო წლებში, საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბლოკჩეინ სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება. კრიპტო და ფინტექ ბიზნესების მიმართ მზარდმა ინტერესმა გამოიწვია სამართლებრივი გარემოს დინამიკური ცვლილება – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების რეგულაცია, თუმცა ეს რეგულაციებიც მუდმივად იცვლება, ამიტომ იურიდიული მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ტექნოლოგიური, ისე საინვესტიციო კომპანიებისთვის.
იურიდიული აუთსორსის მნიშვნელობაზე, ბლოკჩეინ რეგულაციებზე და სამართლებრივ გამოწვევებზე იურიდიული კომპანია ჯასთის ლიგის დამფუძნებელმა პარტნიორებმა, დიტო ხვიჩიამ და ირაკლი ცანკაშვილმა ისაუბრეს.
როგორი მოთხოვნაა საქართველოში იურიდიულ აუთსორსზე ბიზნესის მხრიდან და რამდენად სარგებლობენ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მოქმედი კომპანიები ამ სერვისით?
დიტო ხვიჩია: საქართველოში მზარდია მოთხოვნა აუთსორს იურიდიულ მომსახურებებზე. ბიზნესი მიხვდა, რომ მსგავსი სერვისი ბევრად უფრო ეფექტიანია ხარჯების დაზოგვის კუთხით. ამასთანავე, მათ ემსახურება სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე იურისტთა გუნდი, რაც ნებისმიერი ბიზნესისთვის დიდი კომფორტია.
დაფუძნების დღიდან საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ აიტი სექტორთან, განსაკუთრებით იმ კომპანიებთან, რომლებიც საზღვარგარეთ აწვდიან აიტი მომსახურებას. მომსახურებაში შედის ხელშეკრულებას სხვადასხვა ენაზე შემუშავება და კლიენტების დაცვის მექანიზმების განსაზღვრა, რადგან ყველა ქვეყანასა და რეგიონს სხვადასხვა სამართლის სისტემა აქვს.
როგორ რეაგირებს ბიზნესსექტორი ტექნოლოგიური და სამართლებრივი ცვლილებების ზრდაზე?
დიტო ხვიჩია: ბიზნესსექტორი ყოველთვის სენსიტიურია როგორც ტექნოლოგიურ, ისე სამართლებრივ ცვლილებებზე. თუმცა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიური ცვლილებები ელვის სისწრაფით ხდება, სამართლებრივი ცვლილებები ძალიან ნელი ნაბიჯებით ეწევა მათ. ამის გამო ხშირად ხდება საჭირო კვალიფიციური იურისტების ჩარევა. მნიშვნელოვანია ასევე კომპანიების საქმიანობის სამართლებრივი შესაბამისობა აღნიშნულ ცვლილებებთან და მათი გათვალისწინება ყოველდღიურ თუ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში.
როგორ ეხმარებით კომპანიებს ან ციფრულ პლატფორმებს სამართლებრივი კუთხით სწორად ჩამოყალიბებაში, რა უნდა გაითვალისწინონ მათ ამ დროს?
დიტო ხვიჩია: ციფრული პლატფორმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათი გამოყენების წესები და პირობები იყოს აღქმადი, ცხადად განსაზღვრავდეს მათ უფლებებსა და ვალდებულებებს.
უმნიშვნელოვანესი ნაწილია პერსონალური მონაცემების დაცვა, მათი დამუშავება და მომხმარებლებისთვის ამ ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების წესების გაცნობა. ციფრული პლატფორმების სამართლებრივად გამართულად მუშაობისთვის, ჩვენ ვეხმარებით მათ, რომ ჰქონდეთ კანონმდებლობასთან შესაბამისი წესები და პირობები (terms and conditions), კონფიდენციალობის პოლიტიკა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

რა ტიპის საკითხებზე მოგმართავენ კლიენტები ყველაზე ხშირად?
დიტო ხვიჩია: კლიენტები ხშირად მოგვმართავენ როგორც საქმიანობის საწყის ეტაპზე, ასევე უკვე წარმოშობილი დავის მოგვარების მიზნით.
როგორ ეხმარება ჯასთის ლიგა კომპანიებს, რომელთაც უნდათ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესის დაწყება, ან უკვე არსებული კომპანიების სამართლებრივ შესაბამისობაში მოყვანა? როგორ იცვლება კრიპტოაქტივების/ვირტუალური აქტივების სამართლებრივი გარემო საქართველოში ბოლო წლებში?
დიტო ხვიჩია: 2023 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო რიგი რეგულაციებისა, რომლითაც კრიპტოაქტივების/კრიპტოვალუტის მომსახურების პროვაიდერებს წარმოეშვათ ვალდებულება, რომ დარეგისტრირდნენ ეროვნულ ბანკში. ამან გააჩინა იურიდიული მომსახურების საჭიროება, ვინაიდან აღნიშნული რეგულაციები საკმაოდ კომპლექსურია და მოითხოვს საკმაოდ დეტალურ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტექნიკური აუდიტი, ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონმდებლობის ცოდნა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, რასაც ჯასთის ლიგის გამოცდილება უკვე მოიცავს.
სახელშეკრულებო სამართლის გამოცდილების მიღმა, რატომ არის მნიშვნელოვანი სასამართლო საპროცესო და საარბიტრაჟო გამოცდილება ხელშეკრულებისა თუ სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენისას? რა უპირატესობები აქვს აუთსორს მომსახურებას ამ მიმართულებით?
ირაკლი ცანკაშვილი: ხელშეკრულების შედგენისას, გარდა იმისა რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს მხარეთა შორის შეთანხმებული კომერციული პირობები, ასევე კლიენტის დაცვის სამართლებრივი მექანიზმები. ამ მხრივ გადამწყვეტ როლს თამაშობს საპროცესო გამოცდილება, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ხშირად სხვადასხვა სადავო თუ ბუნდოვან ნორმას სასამართლო თუ საარბიტრაჟო ინსტიტუტები სხვადასხვანაირად განმარტავენ, ხოლო საპროცესო გამოცდილების მქონე იურისტების/ადვოკატების ჩართულობა გვეხმარება ხელშეკრულებებში ისეთი პირობების განსაზღვრაში, რომელიც აარიდებს კლიენტებს სამომავლო დავის შემთხვევაში ბუნდოვანებას და დააზღვევს მათ ინტერესებს.
რა განსხვავებაა სასამართლოსა და არბიტრაჟს შორის და რომელია დავის გადაწყვეტის უფრო ეფექტიანი გზა? ჯასთის ლიგის გამოცდილება ამ კუთხით. როგორ ეხმარება Justice League-ი კომპანიებს, რომლებიც გეგმავენ კრიპტო ან ბლოკჩეინ პროექტების განვითარებას საქართველოში?
ირაკლი ცანკაშვილი: ბიზნესურთიერთობების კომპლექსურობამ საჭიროება გააჩინა დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებზე, რის შედეგადაც შეიქმნა საარბიტრაჟო ინსტიტუტები. არბიტრაჟი თავისი მხრივ ბევრად უფრო მოქნილი საშუალებაა, გამოირჩევა სისწრაფით და ეფექტიანობით, ასევე კონფიდენციალობის მაღალი ხარისხით.
სასამართლოსგან განსხვავებით, მოდავე მხარეები უფლებამოსილნი არიან თავად განსაზღვრონ დავის განმხილველ არბიტრთა რაოდენობა და კვალიფიკაცია, გამოსაყენებელი სამართალი თუ დავის განხილვის ენა და ადგილი. არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და ექვემდებარება მხოლოდ ცნობა-აღსრულებას სასამართლოს მხრიდან. არბიტრაჟის მთავარი უპირატესობა ასევე არის მისი აღსრულების შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნებშირაც ბიზნესისთვის წარმოადგენს უდიდეს კომფორტს და ინვესტიციის დაცვის გარანტიას.

რა სასამართლო და საარბიტრაჟო გამოცდილებას ფლობს ჯასთის ლიგა და როგორ ეხმარება ეს გამოცდილება კერძო სექტორისთვის და ბიზნესსუბიექტებისთვის კვალიფიციური და ეფექტიანი იურიდიული მომსახურების გაწევაში?
ირაკლი ცანკაშვილი: ჯასთის ლიგას გააჩნია მრავალწლიანი სასამართლო და საარბიტრაჟო გამოცდილება, რომელიც მრავალმილიონიანი ლარის წარმატებით დასრულებულ საქმეებს მოიცავს. სასამართლოში და არბიტრაჟში წარმოვადგენთ და ვიცავთ როგორც ბიზნესსუბიექტებს, ისე ფიზიკურ პირებს.. სამართლებრივ სივრცეში მნიშვნელოვანია, რომ იურისტი კარგად ფლობდეს მიმდინარე სასამართლო პრაქტიკას, რადგან ხშირად განსხვავებაა, როგორ განმარტავს სასამართლო ერთი და იმავე ნორმას კონკრეტულ შემთხვევაში.
ვინაიდან ჯასთის ლიგის ადვოკატები ინტენსიურად ჩართულნი არიან სასამართლო და საარბიტრაჟო პროცესებში, ჩვენი გამოცდილება გვეხმარება, რომ ბიზნესებისა და ინვესტორებისთვის სამართლებრივი მომსახურება იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და დაცული პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ჩვენი მიზანია, რომ კლიენტისთვის მინიმალური იყოს გართულების რისკი და დაცული იყოს ფინანსური ზიანისგან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრობლემა წარმოიშობა, ჩვენ ვზრუნავთ დავის სწრაფად და ეფექტიანად დასრულებაზე.
S












