მსოფლიოს რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტი მონაცემთა ცენტრი?

მსოფლიოს რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტი მონაცემთა ცენტრი?

მონაცემთა ცენტრები თანამედროვე ციფრული ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს. ისინი მსოფლიოს მონაცემებს ინახავენ, მართავენ და ამუშავებენ. Statista-ს 2025 წლის მონაცემებისა და გრაფიკული ანალიზის მიხედვით, მსოფლიოში არსებული მონაცემთა ცენტრები ძირითადად რამდენიმე რეგიონშია თავმოყრილი, მათ შორის კი ამერიკა და ევროპა ლიდერობენ.

2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მონაცემთა ცენტრების რაოდენობით ბაზარზე ამერიკის შეერთებული შტატები დომინირებს. ამ ქვეყანაში 4,165 მონაცემთა ცენტრია თავმოყრილი, რაც მსოფლიო მასშტაბით არსებული მსგავსი ობიექტების მთლიანი რაოდენობის თითქმის 38%-ს შეადგენს.

მონაცემთა ცენტრების რაოდენობით აშშ-ის ლიდერობა გასაკვირი არ არის, რადგან ეს ქვეყნის ძლიერი ტექნოლოგიური სექტორით არის განპირობებული. შეერთებულ შტატებში ღრუბლოვან ინფრანსტრუქტურას ტექნოლოგიური სექტორის ისეთი მსხვილი მოთამაშეები იყენებენ, როგორიცაა Amazon-ი, Google-ი და Microsoft-ი.

მონაცემთა ცენტრების მშენებლობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს OpenAI, რომელიც, შეიძლება ითქვას, სექტორში ახალბედა კომპანიაა, რომელიც მსოფლიომ AI-ჩატბოტ ChatGPT-ის დახმარებით გაიცნო. ის და მისი მსგავსი კომპანიები ხელოვნური ინტელექტის სამუშაო დატვირთვის გასაუჯობესებლად ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას აქტიურად ცდილობენ. აღსანიშნავია, რომ OpenAI-ის ამ მიმართულებით 2035 წლამდე 1.4 ტრილიონი დოლარის ვალდებულებები აქვს აღებული.

რაც შეეხება ევროპას, ამ რეგიონში საერთო ჯამში თითქმის 3,500 მონაცემთა ცენტრია თავმოყრილი, რომელთა ყველაზე დიდი რაოდენობა დიდ ბრიტანეთში (499), გერმანიაში (487) და საფრანგეთშია (321) კონცენტრირებული.

რეგიონში მონაცემთა ცენტრების რაოდენობის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ევროკავშირის რეგულაციები, განსაკუთრებით GDPR, რომელიც მონაცემთა დაცვასა და ლოკალიზაციის მოთხოვნებს ამკაცრებს.

ტოპ-10 ქვეყანა მონაცემთა ცენტრების რაოდენობის მიხედვით: 
ქვეყანარეგიონიმონაცემთა ცენტრების რაოდენობა
აშშამერიკა4,165
დიდი ბრიტანეთიევროპა499
გერმანიაევროპა487
ჩინეთიაზია და ოკეანეა381
საფრანგეთიევროპა321
კანადაამერიკა293
ავსტრალიააზია და ოკეანეა274
ინდოეთიაზია და ოკეანეა271
იაპონიააზია და ოკეანეა242
იტალიაევროპა209