რომელ ადგილზეა საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით?

1-copy-8

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2025 წლის ეკონომიკის ზრდის რეიტინგში საქართველო მე-7 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გასულ თვეში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც ეკონომიკის ზრდის პროგნოზებსაც მოიცავს.

ეკონომიკის ზრდა ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას ნიშნავს ერთი წლის განმავლობაში. მშპ ეკონომიკის სიდიდის საზომია. ის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებას აჯამებს. ეკონომიკის ზრდაზე ინფლაციის ეფექტის გამოსარიცხად, წლების მაჩვენებლები ერთმანეთს ერთი საბაზისო წლის ფასებში უნდა შედარდეს. მაგალითად, თუ 2024 წლისა და 2025 წლის მშპ-ს ორივეს 2024 წლის ფასებით დავითვლით, მათ შორის სხვაობა გამოშვებულ საქონელსა და მომსახურებას შორის ცვლილებას გვაჩვენებს, ინფლაციის ეფექტი განულდება. სწორედ მშპ-ის ასეთ ცვლილებას ჰქვია ეკონომიკის ზრდა ან კლება.

სავალუტო ფონდის ეკონომიკის ზრდის პროგნოზების ბოლო რეიტინგი 188 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო ეკონომიკის ზრდის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2025 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ეკონომიკის ზრდის პროგნოზების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7.2%-ით გაიზრდება. სწორედ 7.2%-იანი ზრდით იკავებს საქართველო მე-7 ადგილს მსოფლიოში. საქართველოს ეკონომიკაზე სწრაფად მხოლოდ 6 ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) უკვე გამოქვეყნებული აქვს მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები. იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა. თუმცა კვარტალების მიხედვით კლებადი ტენდენციაა. პირველ კვარტალში ზრდა 9.8% იყო, მეორე კვარტალში –  7.3% და მესამე კვარტალში – 6.5%.

რადგან იანვარ-სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 7.7%-ია, სავალუტო ფონდის 7.2%-იანი წლიური ზრდის პროგნოზი რეალობასთან ახლოსაა. საქართველოს მთავრობა 2025 წლისთვის 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

2025 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში ყველაზე მაღალი ზრდა – 39% ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში დაფიქსირდა. 31%-იანი ზრდა იყო განათლების სექტორში, ჯანდაცვაში – 16%, საფინანსო საქმიანობაში – 14%. 7%-ით შემცირდა სოფლის მეურნეობა.

2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა და, სავალუტო ფონდის მიხედვით, ეკონომიკის ზრდის რეიტინგში მე-4 ადგილზე გავიდა. უფრო მაღალი ზრდა გაიანას, პალაუს და ნიგერს ჰქონდა. 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.8%-ით გაიზარდა და რეიტინგში მე-12 იყო. 2020 წელს, პანდემიის გამო, საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა. 2020-ში საქართველოს ეკონომიკაზე მეტად მხოლოდ 60 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი, პროცენტი

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, სადაც ეკონომიკა ყველაზე სწრაფად იზრდება

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025 წელს ყველაზე მეტად სამხრეთ სუდანის ეკონომიკა გაიზრდება – 24.3%-ით. ამის მიზეზი წინა წლებში სამხრეთ სუდანში დაფიქსირებული დიდი ეკონომიკური ვარდნაა, რაც, თავის მხრივ, ომით იყო გამოწვეული. შემდეგ ლიბია მოდის 15.6%-ით, რომელიც ასევე წინა წლების დიდი ვარდნის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის ეტაპს გადის. მე-3 ადგილზე გაიანაა, სადაც მაღალი ტემპით ზრდა ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 2025 წელს ყველაზე მეტად სომხეთის ეკონომიკა გაიზრდება – 4.8%-ით. ამ მაჩვენებლით სომხეთი მსოფლიოში 35-ე ადგილზეა. თურქეთის ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება, აზერბაიჯანის 3%-ით, რუსეთის ეკონომიკა კი 0.6%-ით.

უკრაინის ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება, რაც ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ 2022 წელს უკრაინას 29%-იანი ვარდნა ჰქონდა.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წელს 5 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება, მათ შორის, ყველაზე მეტად – 2.7%-ით მიანმარის ეკონომიკა შემცირდება. 1.6%-ით შემცირდება ეკვატორული გვინეის ეკონომიკა, ხოლო იემენის 1.5%-ით.

ტოპ-10 ქვეყანა ეკონომიკის ზრდის მიხედვით 2025 წელს

 ქვეყანაზრდა
1სამხრეთი სუდანი24.3%
2ლიბია15.6%
3გაიანა10.3%
4ირლანდია9.1%
5ყირგიზეთი8.0%
6ტაჯიკეთი7.5%
7საქართველო7.2%
8ეთიოპია7.2%
9გვინეა7.2%
10რუანდა7.1%

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა

თუ გსურს გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, დაესწარი ონლაინ ვებინარს და გაიგე მეტი როგორ მოიპოვო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 უნივერსიტეტში