„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი ₾2-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი ₾2-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელ ვლადიმერ სტეფანიანს პატიმრობა 2 მილიონი ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა. სტეფანიანი, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, 2025 წლის 7 ნოემბერს დააკავეს.

სტეფანიანის ადვოკატის, თამარ მერლანის განცხადებით, „ფაქტობრივი გარემოებები დაზუსტდა და შეიცვალა“, რის შემდეგაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პატიმრობაში დატოვების საჭიროება აღარ იყო. „ამასთან ერთად, საკმაოდ სოლიდური თანხა შევთავაზეთ სასამართლოს და ეს გარემოებები გახდა საფუძველი იმის, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა“, – აღნიშნა მერლანმა და დასძინა, რომ საქმეში ახალი მტკიცებულებები არ გამოვლენილა.

მისივე განცხადებით, სტეფანიანს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ  ჩვენება არ მიუცია, დაცვის მხარის შუამდგომლობა კი პროკურატურამ გაითვალისწინა და პროცესზე მათ მოთხოვნას დაეთანხმა.

ვლადიმერ სტეფანიანი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2025 წლის 7 ნოემბერს, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დააკავეს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფის“ კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და შპს „ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის“ დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომელთა გამოყენების შესაძლებლობაც მხოლოდ „კრისტალ ჯგუფის“ მომხმარებლებს ჰქონდათ“, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციითვე, უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა. ამ ეტაპისათვის, გამოძიებით 1,894,925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი დადგინდა.

სტეფანიანის დაკავებისას, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებდა. პროკურატურამ გამოძიება საქმესთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენისა და მხილების მიზნითაც დაიწყო.

ცნობისთვის, 2023 წლის თებერვალში, ბაკურიანში ახალი საბაგირო და სათხილამურო ტრასა საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება და სხვა ოფიციალური პირები.

ამასთან ერთად, სტეფანიანი გასული არჩევნების პერიოდში, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველებს შორისაც იყო. მას „ოცნებისთვის“ თანხა ორჯერ  – 2018 წელს, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიისას 60,000 ათასი ლარი და 2021 წელს, 50,000 ლარი – აქვს შეწირული.